საიუველირო ნაკეთობათა მწარმოებელ ქართულ კომპანიაში, მიმდინარე წელს ნაკეთობათა სახეობების მიხედვით, პროდუქციის 5-10%-ით გაძვირება მოუწიათ. BM.GE-სთან საუბრისას ამ ფაქტს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე მსოფლიოს საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ოქროს მაღალი ფასით ხსნის.
„პანდემიამდე საერთაშორისო ბაზარზე 1 უნცია ოქროს ფასი 1400-1450 დოლარი იყო, დღეისთვის კი ოქროს ღირებულება 1 800 დოლარიან ნიშნულს გასცდა. ანალიტიკოსების აზრით, ამაზე მეტად ოქრო არ გაიაფდება. აღნიშნულმა გარემოებამ გავლენა ჩვენზეც მოახდინა და გასულ წელთან შედარებით ფასების გაზრდა მოგვიწია.
ფასების გადახედვისას ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალური სიფრთხილით მივუდგეთ ამ საკითხს და ცვლილება ნაკეთობების მიხედვით მოხდეს, თუმცა ზრდა მინიმუმ 5%, მაქსიმუმ კი 10%-ით გაიზარდა. ეს მინიმალური ზრდის მაჩვენებელია, რათა მომხმარებლისთვის ნაკეთობების ღირებულება მტკივნეულად არ გაზრდილიყო“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ისევე როგორც წინა წლებში, ყველაზე დიდი მოთხოვნა „ზარაფხანას“ სამკაულსა და ნაკეთობებზე ადგილობრივების მხრიდან მოდის, თუმცა ინტერესი ტურისტებშიც დიდია.
„ყველაზე მოთხოვნადი სამკაულებს შორის ბრილიანტის თვლიანი ნაკეთობებია - ნიშნობის ბეჭდები, საყურეები. ბრილიანტი ყოველთვის იყო და რჩება გაყიდვად სამკაულად. გვახარებს ის, რომ წელს ბათუმის „ზარაფხანას“ ფილიალში უკრაინის მოქალაქეების მხრიდან საქორწინო ბეჭდების შეკვეთები და ქართულ-უკრაინული ოჯახების შექმნის ფაქტები გახშირდა“, - აღნიშნა „ზარაფხანას“ დირექტორმა.