მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკითხები, რომლებიც SEPA-ში გაწევრიანების წინაპირობებს არ უკავშირდებოდა, ამოვიღეთ - კოვზანაძე

63199b21b87c1
BM.GE
08.09.22 11:39
778
„ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების პირველადი პროექტებიდან ამოღებულია ყველა ის საკითხი, რომელიც არ იყო პირდაპირ დაკავშირებული SEPA-სთან", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ.

მისივე თქმით, ამოღებულია საკითხი, რომელიც ეხება დეპოზიტებს. "ე.წ. გახსნილი და მოუკითხავი თანხების ანგარიში, რომელსაც არ გამოუჩნდა ბენეფიციარები. იყო საუბარი და დისკუსია სად უნდა წავიდეს ეს თანხები, ხომ არ გადაირიცხოს ბიუჯეტში? ესეც დამატებითი განხილვისთვის უნდა გადაიდოს, თუმცა ჩემი წინადადება იქნება, როგორც ერთ-ერთი ინიციატორი ამ ქვეყანაში შექმნილიყო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, ეს თანხები მიიმართოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში და არა ბიუჯეტში“-აღნიშნა მან.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ცვლილება უნდა განხორციელდეს 21 კანონში, პაკეტი 1700-გვერდიანია. კომიტეტის თავმჯდომარემ დააკონკრეტა კონსულტაციების შედეგად რომელი საკითხების ამოღება მოხდა კანონპროექტიდან.

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია ნორმები რომლებიც არეგულირებდა ე.წ interchange fee-ს და საბაზისო ანგარიშს. აღნიშნული საკითხების განხილვას პარლამენტი მოგვიანებით დაუბრუნდება. იმავე კანონში დაკორექტირდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის ფორმირების წესი.“-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანება.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება, გაიაფდება, მარტივად მოხდება ევროს გადარიცხვა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით.

ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები