საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდის საშუალებით ვრცელდება.
პრეზდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრა საფრანგეთში გუშინ, არაფორმალურ გარემოში შედგა; სხვა დეტალები უცნობია.
„საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის: 19 აპრილის ე.წ. "შარლ მიშელის" შეთანხმება ანულირებულია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გუნდის წევრებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუკი 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ეს "კეთილი ნებით" იქნება განპირობებული.