რეგიონიდან თურქეთისა და საქართველოსთვის გასული წლის ბოლო განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპს უკავშირდება. სწორედ ამ პერიოდში ინფლაციის დონემ ბოლო ათწლეულების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რომლის სოციალური ტვირთი მკვეთრად დიდი და მასშტაბურია. ფასების მაღალი ზრდის ტემპის შემცირება არც უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი და მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი გამოწვევა ინფლაცია იქნება. სომხეთსა და რუსეთში კი ამ მხრივ სწორედ დეკემბერში შეინიშნებოდა წინა პერიოდებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა.
საქართველოში გასული წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 13.9% შეადგინა, რაც ნოემბერში 12.5% იყო. 2021 წლის ივლისიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის ტემპი ორნიშნაა, ხოლო 2019 წლის მარტიდან სამიზნე, 3.0%-იან ნიშნულს აჭარბებს. აქამდე ორნიშნა ინფლაცია 2011 წელს იყო, როცა ფასების ზრდა 14.5%-ს აღწევდა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მაღალია. თავად თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის მძიმე პრობლემაა. დეკემბრის მდგომარეობით, ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 36.1% შეადგინა. ეს კი ბოლო ორი ათწლეულის ანტირეკორდია. ნოემბერში ინფლაციის დონე 21.3% იყო. 2020 წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 12.3%-ს აღწევდა, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოში ეს მაჩვენებელი - 5.2%-ს, მაგრამ წლის ბოლოსკენ შემცირდა. შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო მეთოდოლოგიურ ნიუანსებს - ფასების ინდექსში კომუნალური მომსახურების არ-შეტანას - უკავშირდებოდა. აღნიშნულის გამოკლებით საქართველოში 11 კვარტალზე მეტია ინფლაცია მიზნობრივ დონეს აჭარბებს.
გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები
სწორედ ამ წლის, 2019-ს მეორე ნახევარში, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება დაიწყო, მაგრამ 2020 წლის აპრილ-აგვისტოში, მაღალი ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების პირობებში რეფინანსირების განაკვეთი 1.0 პ.პ.-ით შეამცირა. წლის ბოლოსკენ და უკვე გასული წლის დასაწყისში ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პ.პ. -ით, 8.5%-მდე გაზარდა, რომლის მიზეზად სები ინფლაციურ მოლოდინებს ასახელებდა, მაგრამ აქვე დასძენდა, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში ცენტრალური ბანკი მომავალში პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავდა, აპრილის ბოლო, „შეცვლილი გარემოების“ გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთი მორიგ ჯერზე აგვისტოს დასაწყისში, 10.0%-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ორი სხდომა გაიმართა, მაგრამ რეფინანსირების უცვლელი დარჩა. ორივე სხდომის (სექტემბერი, ოქტომბერი) შემდეგ ცენტრალური ბანკი ორნიშნა ინფლაციას თითქმის სრულად „ეგზოგენურ და ერთჯერად ფაქტორებს“ უკავშირებდა და დაკრედიტების ზრდის მიუხედავად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს გამორიცხავდა, ხოლო ინფლაციური მოლოდინების ფონზე პოლიტიკის უცვლელად დატოვებას, ამ უკანასკნელი გამკაცრების ფაზაში ყოფნით ხსნიდა. თუმცა, გასული წლის დეკემბრის თვის დასაწყისში ცენტრალურმა ბანკმა მორიგ ჯერზე პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პ.პ. -ით, 10.5%-მდე გაზარდა. საბოლოოდ, გასულ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 9.6% იყო.
საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთში ზედიზედ სამი კომიტეტის სხდომის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდა, ხოლო უკვე მიმდინარე წლის 20 იანვარს გამართულ, წლის პირველ სხდომაზე განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. აღნიშნული მეტად არაორდინალურია იმ ფონზე, როცა სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად იზრდება და დეკემბერში ინფლაციამ ბოლო ორი ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია. ცენტრალური ბანკის ამგვარი პოლიტიკა კი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გავლენას უკავშირდება, რომელიც მიიჩნევს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინფლაციას არა თუ ამცირებს, არამედ, პირიქით, სწორედ ეს იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდის სწრაფ ტემპს. 2021 წლის დასაწყისში სწორედ ასეთი პოზიციის გამზიარებელი შაჰაპ კავჩიოღლუმ ჩაანაცვლა ოთხთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, ცენტრალური ბანკის მმართველი ნაჯიმ აგბალი, რომლის მმართველობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შეიწირა. კერძოდ, გასული წლის 18 მარტის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 17% -დან 19.0%-მდე ზრდამ. თუმცა, ცენტრალური ბანკის მმართველობიდან პოლიტიკის შემსუბუქების მომხრეების გათავისუფლება ამით არ დასრულებულა, რადგან რეფინანსირების განაკვეთის შემცირების დაწყების შემდეგ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის დავალებით ორი ვიცე-მმართველი გათავისუფლდა. მათგან ერთი, უგურ ნამიკ კუჩუკი ღიად შეეწინააღმდეგა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.
გასული წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით დაბალი, მაგრამ მზარდი ინფლაციით გამოირჩეოდა. წლის ბოლოს კი სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა ორნიშნა მაჩვენებელს გადააჭარბა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ინფლაციამ 10.0% შეადგინა, რაც ნოემბერში 11.1%-ს აღწევდა. წლის ბოლოს კი აზერბაიჯანში სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებელი 12.0%-ია. ფასების დონის სწრაფი ზრდა 2021 წლიდან დაიწყო. თუკი პანდემიის პირველ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.9% იყო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი საშუალოდ 6.6%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. მიუხედავად ინფლაციის ყოველთვიური ზრდისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პოლიტიკის განაკვეთს დაბალ ნიშნულზე, 6.25%-ზე უცვლელად ტოვებდა. აღნიშნულს კი საქართველოს ეროვნული ბანკის მსგავსად, ფასების ზრდის უფრო მაღალ ტემპს „საგარეო ფაქტორებს უკავშირდებოდა. მაგალითად, 2021 წლის ივლისში გამართულ სხდომაზე ბანკის მენეჯერთა საბჭო აღნიშნავდა, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილი არ იყო და ამიტომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. თუმცა, ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-მდე გაზარდა, ხოლო უკვე ოქტომბერში რეფინანსირების განაკვეთი 7.0%-მდე აწია. აღნიშნული გადაწყვეტილება „სავაჭრო პარტნიორებში მაღალი ინფლაციით“ და „ინფლაციური მოლოდინების ზრდით“ ახსნა. მიმდინარე წელს კი გადაწყვეტილება ჯერ არ ყოფილა.
საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს ბოლო სხდომა გასული წლის 14 დეკემბერს გაიმართა, სადაც პოლიტიკის განაკვეთი 7.75%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წინა, 2 ნოემბერს გამართულ, სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 7.25%-ზე დატოვა, ხოლო უფრო ადრე, 14 სექტემბრის სხდომაზე 7.0%-დან 7.25%-მდე გაიზარდა. ამ დროს უკვე ზედიზედ 6 სხდომა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მკაცრდებოდა. 2020 წლის 15 დეკემბრის სხდომიდან მოყოლებული ყველა სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება იყო მიღებული. აღნიშნულ პერიოდში, ჯამში პოლიტიკის განაკვეთი 3.5 პ.პ. -ითაა გამკაცრებული, რაც პანდემიის პირველ წელს 1.25 პ.პ. -ით იყო შემსუბუქებული. მიუხედავად ამისა, გასულ წელს სომხეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად იზრდებოდა, რამაც ნოემბერში 9.6% შეადგინა, მაგრამ დეკემბერში ეს მაჩვენებელი 7.7%-მდე შემცირდა. წლის მანძილზე კი საშუალოდ წლიური ინფლაცია 7.2%-ზე იყო, რაც 2020 წელს 1.2%-ს შეადგენდა და ამით სომხეთი რეგიონში გამორჩეული იყო.
რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. გასული წელის მარტში, როცა სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, ამით 2019 წლიდან მოყოლებული ყველზე მაღალი მაჩვენებელი მოინიშნა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში წლიური ფასების ზრდის ტემპი თანდათან იზრდება, რამაც დეკემბერში 8.4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთელი წლის მანძილზე დეკემბერი იმით იყო გამორჩეული, რომ წინა თვესთან შედარებით ინფლაცია უფრო მაღალ ნიშნულს არ იკავებდა. ამით კი გასული წლის ბოლოს საქართველოსა და თურქეთთან შედარებით გაცილებით უკეთესი პოზიცია ეკავა. რუსეთში ფასების დონის უფრო სწრაფი ტემპის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გასული წლის აპრილიდან მკაცრდება. ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ ბოლო მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება გასული წლის 17 დეკემბერს მიიღო, როცა მონეტარული განაკვეთი 8.5%-მდე გამყარდა. მანამდე, 22 ოქტომბრის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პ.პ. -ით, 7.5%-მდე გაიზარდა. ზრდის გადაწყვეტილება იყო მიღებული 10 სექტემბრის სხდომაზეც. კერძოდ, ამ პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-დან 6.75%-მდე გაიზარდა. ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი პროგნოზით, მომდევნო წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დასაწყისში მზარდი იქნება, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში 4.0%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.
გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები
ამდენად, გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონის ყველა ქვეყნის სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად იზრდება. თუმცა, თურქეთსა და საქართველოში ინფლაციის მზარდი ტემპი უფრო ადრეულ პერიოდს უკავშირდება. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება წლის პირველი კვარტლის და მეორეს დასაწყისიდან დაიწყეს. აღნიშნულს კი წინ საპირისპირო პოლიტიკა უძღოდა. პანდემიის პირველ პერიოდში ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებდნენ. ასეთი რამ კი რეგიონიდან თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2021 წელის ბოლოსაც გააგრძელა, როცა პოლიტიკის განაკვეთი მოკლე დროში 19.0%-დან 14.0%-მდე შემცირდა, ხოლო ინფლაციამ 36.1%-ს მიაღწია. დანარჩენ ქვეყნებში მიმდინარე წელს მონეტარული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მათ შორის, საინტერესოა სომხეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, რადგან ამ ქვეყანაში წლის ბოლოს ინფლაციის დონე, წინა პერიოდთან შედარებით, 1.9 პ.პ.-ით შემცირდა. შედარებით უკეთესი სიტუაცია რუსეთში იყო, რადგან აქ წლის მანძილზე პირველად არ გაზრდილა ფასების ზრდის ტემპი.