გასული წლის ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. რეგიონში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე ბოლო წლების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. განსაკუთრებით ზრდის მაღალი ტემპით თურქეთი გამოირჩევა, ხოლო შედარებით დაბალი ზრდით სომხეთი. ამ უკანასკნელში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან უკვე მეორე თვეა წლიური ინფლაციის დონე მცირდება.
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 13.9% შეადგინა, რაც გასული წლის დეკემბერშიც 13.9% იყო. 2021 წლის ივლისიდან კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ტემპი ორნიშნაა, ხოლო 2019 წლის მარტიდან სამიზნე, 3.0%-იან ნიშნულს აჭარბებს. აქამდე ორნიშნა ინფლაცია 2011 წელს იყო, როცა ფასების ზრდა 14.5%-ს აღწევდა. საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია.
თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის მძიმე პრობლემაა. იანვრის მდგომარეობით ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 48.7% შეადგინა. ეს კი ბოლო ორი ათწლეულის ანტირეკორდია. დეკემბერში ინფლაცია 36.1% იყო, ხოლო ნოემბერში - 21.3%. 2020 წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 12.3%-ს აღწევდა, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოში ეს მაჩვენებელი - 5.2%-ს, მაგრამ წლის ბოლოსკენ შემცირდა. შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო მეთოდოლოგიურ ნიუანსებს - ფასების ინდექსში კომუნალური მომსახურების არ-შეტანას უკავშირდებოდა. აღნიშნულის გამოკლებით საქართველოში 11 კვარტალზე მეტია ინფლაცია მიზნობრივ დონეს აჭარბებს.
გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები
ამ პერიოდიდან, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება დაიწყო, მაგრამ 2020 წლის აპრილ-აგვისტოში, მაღალი ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების პირობებში რეფინანსირების განაკვეთი 1.0 პ.პ.-ით შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა კვლავ მარტის შუა რიცხვებში დაიწყო, როცა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პ.პ.-ით, 8.5%-მდე გაზარდა. მიზეზად სებ-ი ინფლაციურ მოლოდინებს ასახელებდა, მაგრამ აქვე დასძენდა, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში ცენტრალური ბანკი მომავალში პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავდა, აპრილის ბოლო, „შეცვლილი გარემოების“ გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე აწია. რეფინანსირების განაკვეთი მორიგ ჯერზე აგვისტოს დასაწყისში, 10.0%-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ორი სხდომა გაიმართა, მაგრამ რეფინანსირება უცვლელი დარჩა. ორივე სხდომის (სექტემბერი, ოქტომბერი) შემდეგ ცენტრალური ბანკი ორნიშნა ინფლაციას თითქმის სრულად „ეგზოგენურ და ერთჯერად ფაქტორებს“ უკავშირებდა და დაკრედიტების ზრდის მიუხედავად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს გამორიცხავდა, ხოლო ინფლაციური მოლოდინების ფონზე პოლიტიკის უცვლელად დატოვებას, ამ უკანასკნელი გამკაცრების ფაზაში ყოფნით ხსნიდა.
თუმცა, მონეტარული პოლიტიკა სათანადოდ მკაცრი არ აღმოჩნდა, რათა ინფლაცია დაეთრგუნა. ამ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მზარდი იყო. საბოლოოდ, 2021 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 9.6% შეადგინა. ცენტრალურმა ბანკმა კი გასული წლის დეკემბრის თვის დასაწყისში პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პ.პ.-ით 10.5%-მდე გაზარდა. მიმდინარე წელს კი კომიტეტის სხდომა ჯერ მხოლოდ ერთხელ, 02 თებერვალს გაიმართა, რომლის შემდეგ განაკვეთი უცვლელი დარჩა.
ბოლო მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება თურქეთშიც პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 14.0%-ზე დატოვება იყო, რაც მიმდინარე წელს უკვე მეორე სხდომაა არ იცვლება. თუმცა, აღნიშნულს გასული წლის ბოლოს ზედიზედ სამჯერ მონეტარული განაკვეთის მკვეთრი შემცირება უძღოდა. აღნიშნულის შედეგი კი ინფლაციის მკვეთრი ზრდა აღმოჩნდა. იანვრის თვეში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 48.7% შეადგინა, რაც წინა თვეს 36.1% იყო.
თურქეთში მონეტარული პოლიტიკის შემცირება 19.0%-დან დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის შერბილების წინა პროცესი თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველობის რადიკალური ცვლილება იყო. კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირებით ინფლაციის შემცირება შემცირდება. 2021 წლის დასაწყისში სწორედ ასეთი პოზიციის გამზიარებელი შაჰაპ კავჩიოღლუმ ჩაანაცვლა. ოთხთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, ცენტრალური ბანკის მმართველი ნაჯიმ აგბალი, რომლის მმართველობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შეიწირა. კერძოდ, გასული წლის 18 მარტის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 17% -დან 19.0%-მდე ზრდამ. მოგვიანებით, როცა ცენტრალური ბანკის ახალი მმართველის პირობებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყო, ამან კიდევ ორი ვიცე-მმართველი შეიწირა. მათგან ერთი, უგურ ნამიკ კუჩუკი ღიად შეეწინააღმდეგა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.
გასული წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით დაბალი, მაგრამ მზარდი ინფლაციით გამოირჩეოდა. წლის ბოლოს კი სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა ორნიშნა მაჩვენებელს გადააჭარბა. კერძოდ, 2021 წლის ოქტომბრიდან ინფლაცია ორნიშნაა და მზარდია. მიმდინარე წლის იანვარში ფასების დონის წლიურმა ზრდამ 12.5%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ინფლაციას მზარდი ტენდენცია ახასიათებდა, ცენტრალური ბანკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პოლიტიკის განაკვეთს დაბალ ნიშნულზე, 6.25%-ზე უცვლელად ტოვებდა. აღნიშნულს კი საქართველოს ეროვნული ბანკის მსგავსად, ფასების ზრდის უფრო მაღალ ტემპს საგარეო ფაქტორებს უკავშირდებოდა. მაგალითად, 2021 წლის ივლისში გამართულ სხდომაზე ბანკის მენეჯერთა საბჭო აღნიშნავდა, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილი არ იყო და ამიტომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. თუმცა, სექტემბრიდან აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის განაკვეთს ზრდის, რაც ბოლო 28 იანვრის სხდომაზე 7.5%-მდე გაიზარდა.
საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს ბოლო სხდომა გასული წლის 01 თებერვალს გაიმართა, სადაც პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წინა, 14 დეკემბრის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პ.პ.-ით გაიზარდა, ხოლო მანამდე უცვლელად 7.25%-ზე იყო შენარჩუნებული. საერთო ჯამში, სომხეთი სამეზობლოდან ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ადრეული პერიოდიდან, 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო. თუმცა, მანამდე მკვეთრად შემსუბუქებული იყო. კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთი 4.25%-მდე იყო შემცირებული.
გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლოდან ინფლაციის დონზე აისახა. გასული წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 7.7% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 1.9 პ.პ-ით ნაკლებია. ფასების დონის ზრდის ტემპის შემცირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. იანვარში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ 7.1% შეადგინა. აღნიშნული კი სამეზობლოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ მხრივ, სომხეთი გამორჩეული ეკონომიკაა.
რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. გასული წლის მარტში, როცა სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, ამით 2019 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოინიშნა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში წლიური ფასების ზრდის ტემპი თანდათან იზრდება, რამაც მიმდინარე წლის იანვარში 8.7% შეადგინა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ინფლაციის კუთხით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო და თურქეთი.
რუსეთში ფასების დონის უფრო სწრაფი ტემპის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გასული წლის აპრილიდან მკაცრდება. ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ ბოლო მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 11 თებერვალს მიიღო, როცა მონეტარული განაკვეთი 9.5%-მდე გამყარდა. მანამდე, 17 დეკემბრის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 1.0 პ.პ.-ით, 8.5%-მდე გაიზარდა. ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი პროგნოზით, მომდევნო წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დასაწყისში მზარდი იქნება, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში 4.0%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.
გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები
ამდენად, გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონის ყველა ქვეყნის სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად იზრდება. თუმცა, თურქეთსა და საქართველოში ინფლაციის მზარდი ტემპი უფრო ადრეულ პერიოდს უკავშირდება. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება წლის პირველი კვარტლის და მეორეს დასაწყისიდან დაიწყეს. პოლიტიკის განაკვეთის ზრდა შედარებით ადრე დაიწყო სომხეთმა, სადაც უკვე მეორე თვეა ინფლაცია მცირდება. საერთო ჯამში, სამეზობლოს ქვეყნებს შორის სომხეთი ყველაზე დაბალი ინფლაციის ნიშნულით გამოირჩევა.
სხვა ქვეყნებში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი არ მცირდება. მაგალითად, თურქეთში ეს მაჩვენებელი მზარდია, მაგრამ გასული წლის ბოლოს მკვეთრად შემცირებული მონეტარული განაკვეთი უცვლელად ნარჩუნდება. პოლიტიკის განაკვეთი საქართველოშიც უცვლელია. სხვა ქვეყნებში კი ბოლო სამი გადაწყვეტილება რეფინანსირების ზრდის იყო. მათ შორის, მკვეთრი ზრდით რუსეთი ცენტრალური ბანკი გამოირჩევა.