მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ლარის ვალი ძვირია, თუმცა მას კურსის რისკი არ ახლავს

6197c95d2fd33
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.21 20:30
709
მთავრობის განცხადებით, 2022 წლიდან საგარეო ვალის აღების პირობები იცვლება. კერძოდ, მცირე ზომის პროექტებისთვის საინვესტიციო კრედიტების აღება შეჩერდება, შესაბამისად, ახალ საგარეო ვალებს მხოლოდ მსხვილი პროექტებისთვის აიღებენ. ამის შესახებ ვალის მართვის სტრატეგიის პროექტიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

პარალელურად ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება შიდა ვალის აღებაზე, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით იღებს, თუმცა შიდა ვალს ერთი პრობლემა აქვს - ეს მისი მაღალი საპროცენტო განაკვეთია, მაგალითად, ამჟამად 2-წლიანი ფასიანი ქაღალდებისთვის 9.1%-ს შეადგენს. შედარებისთვის, საგარეო კრედიტების განაკვეთები 1-3%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი კაჭარავას განცხადებით, ამ განაკვეთების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, რადგანაც საგარეო ვალს კურსის რისკიც ახლავს, რაც ლარში ნომინირებულ შიდა ვალს არ აქვს.

საქართველოს სახელმწიფო ვალი ამჟამად 30.81 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 25.27 მილიარდი საგარეო ვალს, ხოლო 5.54 მილიარდი შიდა ვალს წარმოადგენს.

დღეს საკითხთან დაკავშირებით გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ფინანსთა სამინისტროს ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი კაჭარავამ ისაუბრა:

“გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ვალის 80% დენომინირებულია ეროვნულ ვალუტაში, 20% კი ადგილობრივ ვალუტაში, ხოლო კურსის მერყეობა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი ვალის პორტფელზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს ნეგატიური გავლენები ეტაპობრივად შევამციროთ. სტრატეგიაშიც ნათქვამია, რომ ეტაპობრივად მოხდება საგარეო ვალის მაღალი წილის შემცირება.

რაც შეეხება შიდა და საგარეო ვალის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს, მათი პირდაპირ შედარება არ შეიძლება, რადგან საგარეო ვალს ასევე ახლავს გაცვლითი კურსის რისკი და კურსის შოკის ალბათობა.

საქართველო ღია და მცირე ზომის ეკონომიკაა და ჩვენ თუ არ შევამცირებთ სავალუტო გაცვლითი კურსის მიმართ მოწყვლადობას, მაშინ მომავალშიც შევინარჩუნებთ ამ რისკების გავლენას მთავრობის ვალსა და მთლიანად ეკონომიკაზე", - აცხადებს ირაკლი კაჭარავა.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ლარის კურსის მერყევი ბუნებიდან გამომდინარე, უმჯობესია თუკი გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან დაფინანსდება უფრო ძვირი შიდა ვალის მომსახურება, ვიდრე საგარეო ვალის მომსახურება, რომელიც შესაძლო შოკიდან გამომდინარე შიეძლება მოულოდნელად კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები