მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამკერვალო “იმერი” - საწარმოდან თანამშრომლების მასობრივი გადინება ხდება

6173e62b45013
ლიკა გურაბანიძე
23.10.21 17:40
3466

2021 წლის 9 თვეში უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ათეულში სხვა პროდუქციასთან ერთად ტრიკოტაჟის ნაწარმიც მოხვდა, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა იანვარ-სექტემბერში 49 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 70 %-ია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 29 მილიონი დოლარი იყო.

მიუხედავად ზრდისა, სამკერვალო სექტორში პრობლემები ახლაც აქვთ, თუმცა ცდილობენ კონტრაქტორები არ დაკარგონ და მსხვილ დამკვეთებს უწყვეტი პარტნიორობა გაუწიონ. მსხვილი სამკერვალოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პანდემიური რეალობიდან გამომდინარე პრობლემები საერთაშორისო ბაზრებზე თავად დამკვეთების მხრიდანაც არსებობს.

მაგალითად, სამკერვალოში “იმერი”, რომელიც ქუთაისში მდებარეობს და ის საერთაშორისო ბაზრებს მხოლოდ ქალის სამოსს აწვდის, მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სიმონიძე აღნიშნავს, რომ ორი წლის წინ იტალიურ “მონკლერთან” დადებული ხელშეკრულება კვლავ ვერ ამოქმედდა და კომპანია მათთვის სამოსის შეკერვას ვერ ახერხებს. ამას გარდა, დროებითი, ორთვიანი შეფერხება ჰქონდათ გერმანელი დამკვეთისგანაც, რადგან ისინი ბაზრებზე გაყიდვებს ვეღარ აწარმოებდნენ. ახლა ვითარება გამოსწორდა, თუმცა ამას უკვე ადგილობრივი ბაზრის პრობლემა, საწარმოდან თანამშრომლების მასობრივი გადინება ემატება. მაგალითად, თუ ადრე 300 სპეციალისტი ჰყავდათ, ახლა ეს რაოდენობა 200-ს შეადგენს.

“თანამშრომლების გადინება ძირითადად ქვეყნის დატოვების ხარჯზე ხდება. უმრავლესობა ევროპაში მიდის და ძირითადად ქალბატონები. სწორედ ამიტომ თანამშრომლების რაოდენობა შეგვიმცირა. ხელფასებს ვუმატებთ, თუმცა მაღალი ინფლაციის გამო, თანამშრომლებს აქ მუშაობა აღარ უღირთ. ჩვენთან საშუალო ხელფასი ამ ეტაპზე 550 ლარია. რაიონებიდან თანამშრომლები ჩამოგვყავს, შემდგომ მათ გაზრდაზე და სპეციალისტებად გადამზადებაზე ვმუშაობთ. ავტომობილიც გამოვყავით და რეგიონებიდან მათ ტრანსპორტირებას ვუზრუნველყოფთ, რათა მუშახელი გვყავდეს.” - აღნიშნა სიმონიძემ.

ამ ეტაპზე “იმერში” ვაქცინაციის პროცესი დაბალია, რადგან თანამშრომლების მხოლოდ 30%-ია აცრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები