მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამკერვალო "იმერის" შემოსავალმა 60-70%-ით იკლო – რას ითხოვს საწარმო გადარჩენისთვის?

5fbb8b5fab2f2
ინგა მურუსიძე
23.11.20 22:44
1025
ქუთაისში, წლების წინ დაარსებული სამკერვალო „იმერი“ 2016 წელს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით გაფართოვდა. საწარმოში ამ ეტაპზე 500-მდე თანამშრომელი მუშაობს და ტანსაცმელს არა მხოლოდ ქართული, არამედ გერმანული ბაზრისთვისაც კერავს. კერძოდ, „იმერის“ ყველაზე მსხვილ პარტნიორად გერმანული „ლებეკი“ ითვლება. „იმერს“ მოთხოვნის შემცირების გამო, სერიოზული დარტყმა მიაყენა პანდემიამ.

საწარმოს დირექტორი, მაია სიმონიძე bm.ge-სთან საუბარში ყვება, რომ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირეს, რადგან შემოსავალმა გასულ წლებთან შედარებით 60-70%-ით იკლო.

ამჟამად, სიმონიძეს კომპანიისთვის ყველაზე დიდი შეღავათის გაწევად საშემოსავლო გადასახადის შემცირება, ან გადავადება მიაჩნია.

როგორ სიმონიძე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, საწარმოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და გადასახადების გადახდის პრობლემა არასოდეს შექმნილა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და ის მცირე შემოსავალი, რაც საწარმოს აქვს, გადასახადებს და თანამშრომელთა ხელფასებს ვერ წვდება.

"დღევანდელ პირობებში, ყველაზე დიდი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან საშემოსავლო გადასახადების გადავადება, ან შემცირება იქნებოდა. თუ ეს მოხდება, ჩათვალეთ, რომ ხელფასებს უკვე სრულად გავცემთ თანამშრომლებზე“, - განაცხადა სიმონიძემ.

Bm.ge დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია საწარმოს ხელმძღვანელობას ბიზნესომბუდსმენთან, ან ვინმესთან თხოვნის თაობაზე, თუმცა სიმონიძე განმარტავს, რომ „ეს საჭირო არ არის, რადგან ისედაც ყველამ მშვენივრად იცის“.

„სახელმწიფოს რამდენად შეუძლია ამის გაკეთება არ ვიცით, ალბათ ყველაფერი გათვლილი აქვთ, მაგრამ თუ საშუალება გამოჩნდება და მსგავს შეღავათს გაგვიწევენ, ეს ჩვენთვის დიდი დახმარება იქნება“, - ამბობს „იმერის“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები