საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-იმ საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაცია მოელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით მეტია. S&P აცხადებს, რომ რუსი მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ასევე გაზრდილი ტურიზმი საქართველოს ადგილობრივი მოთხოვნის სტიმულირებას ახდენს. S&P აცხადებს, რომ არსებულ რეალობაში ისინი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინს უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნებენ, ასევე უცვლელია საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდონი.
ამის მიუხედავად, S&P მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ნარჩუნდება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკები, რასაც ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური შენელებაც ერთვის თან.
S&P აცხადებს, რომ საქართველოს იმპორტ-დამოკიდებულება და საგადასახდელო ბალანსის მაღალი დეფიციტი კვლავ წამყვან სისუსტეს წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში არსებული ვალდებულებების მაღალი დოლარიზაციაც ფინანსურ რისკს წარმოადენს და ის მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას ზღუდავს.
S&P აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შორის შედარებით უკეთესი მმართველობა და ინსტიტუციური მოწყობა აქვს. ასევე დადებითად არის შეფასებული გაცვლითი კურსის მოქნილობა, რომელიც კრიზისის დროს შოკის შთანთქმას უზრუნველყოფს.
S&P-ის მიმოხილვაში საუბარია ასევე მაღალ გაურკვევლობაზეც. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ათასობით რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მიგრანტი მიიღო, უცნობია თუ რამდენი მათგანი გადაწყვეტს ქვეყანაში გრძელვადიან ჭრილში დარჩენას.
S&P საუბრობს პოლიტიკურ დაძაბულობაზეც, რასაც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზეც აქვს გავლენა.
“2022 წლის ივნისში ევროკავშირმა მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს უარი უთხრა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე და ამის ნაცვლად მას ე.წ. “ევროპული პერსპექტივა” მისცა. ქვეყანას განესაზღვრა ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც კანდიდატის სტატუსის წინაპირობაა. ეს ვალდებულებები კრიტიკულ სფეროებს მოიცავს, ისეთებს როგორივაა სასამართლოს დამოუკუდებლობა; კორუფცია; პოლიტიკური პოლარიზაცია და სხვა,”- წერს S&P.
საბიუჯეტო თვალსაზრისით, S&P წერს, რომ ქვეყანაში გაზრდილია საბიუჯეტო შემოსავლები, რაც დეფიციტის დონის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. S&P მოელის, რომ 2025 წლისთვის სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 44%-მდე შემცირდება.
საფინანსო სექტორთან დაკავშირებით კი S&P აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ხოლო ქართულ ბანკებს კაპიტალის ადეკავტური მაჩვენებლები აქვთ.