მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან სამრეწველო საწარმოებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, მათ გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა წინსწრებით მოუწევთ. ამას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონში გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ ჩანაწერი ითვალისწინებს.
1-ელი ივნისიდან საწარმოებს წარმოეშობათ ვალდებულება გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა წინსწრებით გააჩნდეთ. ამისათვის, მათ არჩევანი აქვთ, ან შესაბამისი სადაზღვევო პოლისი იყიდონ, ან საბანკო გარანტია წარმოადგინონ. რა მოცულობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოუწევს კერძო სექტორს, ჯერ უცნობია. ეს მთავრობის დადგენილებით სავარაუდოდ, საწარმოს ზომიდან გამომდინარე განისაზღვრება.
„კანონმა შემოიტანა ახალი ვალდებულება მსხვილი სამრეწველო ობიექტებისთვის, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევის სისტემას. ეს ეხება მსხვილ საწარმოებს და ძირითადად ეხება ისეთ საწარმოებს, რომლებიც გარემოსდაცვით ნებართვებს ფლობენ სახელმწიფოსგან, მათ თავიანთი საქმიანობა უნდა დააზღვიონ გარემოს რისკებისადმი, ანუ თუ პირობითად მათი საქმიანობის შედეგად გარემოს ზიანი მიადგა, ეს საკითხი წინსწრებით უნდა იყოს დაზღვეული და საწარმოს უნდა ჰქონდეს სათანადო ფინანსური რესურსი მობილიზებული იმისთვის, რომ მყისიერად დაიწყოს გარემოს მდგომარეობის გამოსწორება, დაზიანებული გარემოს აღდგენისთვის ზომების გატარება და ამისთვის მას წლები არ უნდა დასჭირდეს“, - აცხადებს BMG-სთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.
BMG მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მსხვილი სამრეწველო საწარმოებისგან მოესმინა შეფასებები დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა კერძო სექტორის არც თუ ისე ცოტა ნაწილმა, ჯერ კიდევ არ იცის, რა ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება აქვთ უკვე 1-ელი ივნისიდან. ამბობენ, რომ ამის შესახებ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია. მათ კი, ვინც უკვე იცის, რა ახალი გარემოსდაცვითი მოთხოვნები შედის ძალაში, ამბობს, რომ სანამ მთავრობა შესაბამის დადგენილებას არ გამოსცემს, მათთვის უცნობია, რა ფინანსური რესურსის გამოყოფა მოუწევს კომპანიებს ახალი მოთხოვნების შესასრულებლად.
„მართალია კანონში ჩანაწერი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ ძალაში შედის 1-ელ ივნისს, მაგრამ დადგენილება, კანონქვემდებარე აქტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს კონკრეტულად რისკების შეფასების პროცედურა და შესაბამისად ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება, ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული და ესეც 1-ელ ივლისამდე უნდა გამოქვეყნდეს. ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ჩვენი კომპანიის შემთხვევაში რაიმე დიდ ახალ ვალდებულებებს არ ველოდებით, რადგან ის რისკები, რაც არის განსაზღვრული გარემოსდაცვით შეფასების კოდექსში, ეს არის მიწის დაზიანება, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება, ჩვენს შემთხვევაში ეს რისკები ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუმცა მაინც ზუსტი პასუხის გაცემა ძალიან ძნელია, სანამ დადგენილება არ გამოქვეყნდება“,-აცხადებს „ჰაიდელბერგცემენტის“ გარემოსდაცვითი მენეჯერი.
ახალი რეგულაციის ამოქმედებასთან ერთად სიახლეა ისიც, რომ წელსვე შეიქმნება გარემოსდაცვითი ფონდი, სადაც გარემოსთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საწარმოების მიერ გადახდილი თანხების აკუმულირება მოხდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ფონდის სახსრები გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
„როდესაც პირი, გარემოს ზიანს აყენებს, მას ჯარიმასთან ერთად გარკვეულ შემთხვევებში უწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდა, ანუ ერთი არის ის, რომ ჯარიმას იხდის კონკრეტული დარღვევისთვის, მეორეა, რაც ზიანი მიაყენა რიგ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ მონეტარულ პასუხისმგებლობას, ანუ ფინანსური პასუხისმგებლობის მექანიზმს. სწორედ წარმოქმნილი ზიანის თანხები ჩაირიცხება ფონდში და შემდგომ გარემოსდაცვის პროექტებს მოხმარდება“, - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.