მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და შესყიდვების ონლაინპლატფორმა ‘’ქოსთის’’ გეგმები

6363b947e1b28
თინათინ ნატმელაძე
06.11.22 21:42
833
"ქოსთი" სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინპლატფორმაა, რომელიც წლის ბოლოდან როგორც კომპანიებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ სტარტაპის თანადამფუძნებელმა ქეთევან ჯავახაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პლატფორმის საშუალებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მშენებლობისთვის საჭირო შესყიდვების ონლაინსივრცეში გამოცხადება შეეძლებათ, რაც ამ პროცესს ბევრად მარტივს და მოქნილს გახდის.

"ეს არის სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების შედგენის და შესყიდვების პლატფორმა, სადაც როგორც კომპანიებს, ისე ფიზიკურ პირებსაც შეეძლებათ გამოაცხადონ ტენდერები და შესაბამისი დახმარება მიიღონ. სამშენებლო საქმიანობა საკმაოდ რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ფიზიკური პირებისთვის და ეს პროცესი ხშირად ნაცნობებისა და სხვადასხვა ფეისბუქჯგუფის დახმარებით მიმდინარეობდა; ჩვენი მიზანი კი ამ ყველაფრის გამარტივება და მათთვის დროის დაზოგვაა.

ამჟამად ვებგვერდის ტექნიკურად გამართვის პროცესში ვართ; გვინდა, ისეთი ფილტრი შევქმნათ, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი იქნება. ჩვენ ამ პროცესში ისეთ კომპანიებს ჩავრთავთ, რომლებიც ჩვენგანაც ვერიფიცირებული იქნებიან და მომხმარებელს სანდოობის პრობლემა არ შეექმნება", - აცხადებს ქეთევან ჯავახაძე.

"ქოსთის" თანადამფუძნებელი სირთულეებზე საუბრისას BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ სამშენებლო სექტორი საქართველოში ძალიან კონსერვატიულია და მათი ციფრულ სივრცეში გადმოყვანა საკმაოდ რთულია, თუმცა ამ საკითხზე და სანდოობის მოპოვებაზე აქტიურად მუშაობენ.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, "ქოსთის" მომსახურების ფასის დიაპაზონი პროექტის სიდიდის მიხედვით შეიცვლება.

"იგეგმება თვიური გამოწერები და თვიური გადასახადები იმის მიხედვით, თუ ვის სურს ტენდერის გამოცხადება, თუ კი ტენდერს დიდი კომპანია გამოაცხადებს, ცხადია, ეს უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რადგან ეს დროშიც იწელება, ფიზიკური პირების შემთხვევაში კი დროც უფრო ნაკლები იქნება და საერთო ჯამში, გადასახადიც", - ამბობს ქეთევან ჯავახაძე.

აღსანიშნავია, "ქოსთის" ამ ეტაპამდე მოსაყვანად დამფუძნებლებმა პირადი ინვესტიცია განახორციელეს, თუმცა პლატფორმის სრულყოფილად ასამოქმედებელად დამატებითი თანხებია საჭირო, რისთვისაც ინვესტორის ძიების პროცესში არიან. კომპანიაში ამჟამად 5 მუდმივი თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა პროექტების მიღების შემდეგ, მათი რაოდენობაც გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები