მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბიუჯეტიდან ₾2 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

63ca727b45566
მარიამ დემეტრაშვილი
20.01.23 16:25
559
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. მისი განმახორციელებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეპროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და /ან სამუშაო ადგილზე სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით მათი დასაქმების ხელშეწყობა.

წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია ერთი სასწავლო კურსი.

დაფინანსდება მხოლოდ ისეთი დანახარჯები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროგრამის ხარისხიანი და სრულფასოვანი მიწოდებისთვის. ამასთან, პირდაპირი დანახარჯები ფინანსდება სრულად, ხოლო არაპირდაპირი დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს საერთო ღირებულების 20%-ს.

სამუშაოს მაძიებელთა გადამზადების პროცესში აუცილებელ პირდაპირ დანახარჯად შესაძლებელია ჩაითვალოს ხარჯები თეორიული მასალისთვის, პედაგოგ -მასწავლებელთა ანაზღაურება ყველა გადასახადის ჩათვლით, პრაქტიკული სავარჯიშო მასალის ხარჯები, ხარჯები დამატებითი სერვისისთვის და ტრანსპორტირების ხარჯები.

ამასთან, სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, რომლის ოდენობა განისაზღვრება თვეში 200 ლარით ერთ მოსარგებლეზე, დისტანციური სტაჟირების შემთხვევაში თვეში 100 ლარით ერთ მოსარგებლეზე.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სამუშაოს მაძიებელი პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ღონისძიების შედეგების მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს მინიმუმ თვეში ერთხელ დამსაქმებლისა და მოსარგებლის გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს, სისტემატიზაციასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები