მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების აღსრულებისთვის ორი სერტიფიცირებული ექსპერტი გვყავს - ფინანსთა მინისტრი

63ce8d3c3a69b
შოთა ტყეშელაშვილი
23.01.23 17:44
769
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურს ჰყავს აშშ-ში სერტიფიცირებული ორი ექსპერტი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების საკითხში საუკეთესო ცოდნას ფლობენ. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურმა სანქციების თავის არიდების 1,000-ზე მეტი სავარაუდო ფაქტი აღკვეთა. საუბარია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ოპერაციებზე.

“როდესაც საუბარია საბაჟო კონტროლზე, ეს ეხება ყველანაირ ოპერაციას, როგორც ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს. ასევე სხვადასხვა კომბინაციას მათ შორის, მაგალითად იმპორტის შემთხვევაში, შემდგომ ექსპორტს და ასე შემდეგ. ყველა ასეთი ოპერაცია არის მკაცრი კონტროლის ქვეშ. ასევე მთავრობამ დაამტკიცა სია, როგორც საქონლის, ასევე კონკრეტულ პირებთან მიმართებით. შემიძლია გაგიზაიაროთ სტატისტიკა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული იმის გამო, რომ არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი. ეს საქონელი არაა არც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონელი, მსგავს ოპერაციას სჭირდება სახელმწიფო ნებართვა და ბუნებრივია, ასეთ ნებართვას არ გავცემთ. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია და ამ მიმართულებითაც მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შემოსავლების სამსახური პროაქტიულადაც ემუშავება ბიზნეს ოპერატორებს და ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა არის სანქცირებული და რა არ არის სანქცირებული. სანქციების სია და ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და არც ისე მარტივი არაა მისი აღსრულება. არსებობს ასევე სხვადასხვა ვადები კონკრეტულ საქონელთან მიმართებით. ამ ყველაფრის აღსრულების ცოდნა და გამოცდილება აქვს ერთადერთ ორგანოს - შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი, სანქციების აღსრულებაში. სპეციალური პროგრამა არსებობს აშშ-ში, რომლის შემდგომაც პირები აბარებენ შესაბამის გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციებთან მიმართებაში. საქართველოს საბაჟო სამსახურში ჰყავს ორი ასეთი ექსპერტი, მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებით არის თუ არა სანქცირებული.

მე შემიძლია გითხრათ, რომ არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით, როგორც ხორციელდება საქართველოში. ამ მხრივ ვერავითარი კითხვა ვერ იქნება გაჩენილი, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება არ ხდება ჯეროვნად,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, CNN-ის წამყვანმა, ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაში განაცხადა, რომ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქცია ხვდება.

"მსურს, სანქციებზე გკითხოთ - თქვენ ახსენეთ, რომ სანქციები დააწესეთ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვესმის და დარწმუნებული ვარ, თქვენც გსმენიათ იმის შესახებ, რომ სანქციების მიუხედავად, სანქცირებული საქონელი რუსეთში აღწევს. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი?", - ჰკითხა CNN-ის წამყვანმა ქრისტიან ამანპურმა ფონ დერ ლაიენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გასულ კვირას გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მსგავს ცნობებთან მიმართებით მთავრობას დეტალური განმარტებისკენ მოუწოდა. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ამ საკითხზე განცხადება მხოლოდ დღეს გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები