მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდს სახელი ეცვლება - საიდან მოიტანს ფონდი ფულს რებრენდინგის შემდეგ?

64464e8b6ecc7
BM.GE
24.04.23 13:51
1055
საქართველოს პარლამენტი განიხილავს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს საპარტნიორო ფონდის რეფომირების შესახებ. ორგანიზაციას სახელი ეცვლება და მას “საქართველოს განვითარების ფონდი” ეწოდება. კანონპროექტის მიხედვით, ახალი ფონდი კომერციულად მდგრად პროექტებში განახორციელებს ინვესტიციებს.

როგორც ცნობილია, 2017 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, საპარტნიორო ფონდს რეფორმირებამდე ახალი პროექტების დაფინანსება აეკრძალა და რამდენიმე წელია, ამ მხრივ ის, ფაქტობრივად, უმოქმედო იყო. ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ კითხვას წარმოადგენდა - რა იქნებოდა რეფორმირებული ფონდის დაფინანსების წყარო. საინტერესოა გარემოება, რომ კანონპროექტში, ისევე როგორც მის თანმდევ განმარტებით ბარათში ამ მხრივ დეტალური ინფორმაცია არაა მითითებული.

საპარტნიორო ფონდში BMG-ის განუმარტეს, რომ უცვლელად გადადის ფონდის დაფინანსების შესახებ არსებული მუხლები. მათ შორის ფონდს შეუძლია თანხები მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, ასევე გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რომ ფონდში კაპიტალის შენატანი განახორციელოს მისმა “დამფუძნებელმა”, ანუ მთავრობამ.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ პარლამენტი ახალ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, რის შემდეგაც ფონდს ახალი სახელით და სტრუქტურით შეეძლება ოპერირების დაწყება.

“ეს პროექტები არის დამუშავების ეტაპზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე ჩვენ უბრალოდ შევაჩერეთ ახალი პროექტების დაფინანსება და დაწყება. თუმცა მიმდინარე პროექტებს ვაგრძელებთ და საკმაოდ წარმატებულადაც. რაც შეეხება ახალ პროექტებს, თუ რეფორმა არ მორჩა და არ დავიწყეთ კონკრეტული პროექტების განხორციელება, რამე კონკრეტიკაზე გამიჭირდება საუბარი. ამას გიდასტურებთ, რომ უამრავი პროექტი იყო დამუშავებული და უამრავი პროექტი იყო შესწავლილი და იმის გამო, რომ იყო საერთაშოროსო ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამის გამო ჩვენ ეს ახალი პროექტები არ დაგვიწყია.

კანონპროექტს პარლამენტი იმედი მაქვს, რომ დაუჭერს მხარს და ამის შემდეგ 90 დღის გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც მოხდება ახალი სახით ფონდის მოწყობა. ამის შემდეგ გადაწყდება ეს საკითხები,”- განაცხადა ჯორბენაძემ.

BMG-იმ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. სწორედ ფონდის რეკომენდაციაზე იქნება დამოკიდებული გააგრძელებს თუ არა სახელშეცვლილი საპარტნიორო ფონდი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც კანონში ფონდის დაფინანსების წყაროების შესახებ ჩანაწერში არაფერი იცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები