საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი გიორგი დანელია საქმიანობას “საქართველოს ბანკში” განაგრძობს - ამის შესახებ დანელიამ Linkedin-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა. ის ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა წინა კვირას დატოვა. ის საპენსიო სააგენტოს 2020 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
თანამდებობის დატოვების დროს, დანელიამ განაცხადა, რომ სააგენტოში მისი მისია უკვე შესრულებული იყო.
“ვინაცვლებ კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში და იქიდან ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში!
მინდა მადლობა გადავუხადო რეფორმის განვითარებაში ჩართულ ყველა ადამიანს! მადლობა მედიას თანამშრომლობისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, აზიის განვითარების ბანკს და სხვებს. ასევე, მადლობა USAID-ს, რომელთან ერთადაც შევქმენით სააგენტოს განვითარების 3-5 წლიანი სტრატეგია.
მადლობა სააგენტოს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს ნდობისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის,”- აღნიშნა დანელიამ გამოსამშვიდობებელ პოსტში.
საპენსიო ფონდში საქმიანობის დაწყებამდე, დანელია საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.