მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სესხებზე პროცენტმა უნდა დაიკლოს... დღეს ტენდერის პირობებზე შევჯერდებით - ელისაშვილი

620620ad75bc9
მარიამ ვარადაშვილი
11.02.22 12:44
556
პარლამენტის წევრს ალეკო ელისაშვილს მოლოდინი აქვს, რომ ე.წ საპენსიო სესხებზე პროცენტი დაიწევს. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში შეხვედრაზე შესვლის წინ განაცხადა, სადაც სპეციალურმა კომისიამ სწორედ საპენსიო სესხების პროცენტზე უნდა იმსჯელოს. სხდომაზე ასევე უნდა განიხილონ საპენსიო გასაცემლების ახალი ტენდერის პირობები, რამდენადაც "ლიბერთი ბანკთან" ძველ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წელს გასდის.

დეპუტატის თქმით, პენსიონერთა მომსახურებით სხვა ბანკებიც არიან დაინტერესებული, თუმცა რომელი, ელისაშვილს არ დაუსახელებია.

“ვიცი, რომ დღეს უკვე შევჯერდებით ტენდერის პირობებზე. რისი მოლოდინი და ინფორმაციაც მაქვს და რაც აუცილებელია არის ის, რომ სესხის პროცენტმა დაიწიოს, რათა ის კატასტროფული – 36%–  აღარ იყოს. წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა აქ საკითხი ეხება იმას, რა წარმოქმნიდა ამ პროცენტს? ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის, რომ ასე უბრალოდ ფული დაარიგოს. აქვს გარკვეული ხარჯი პენსიების გაცემის დროს და რა თქმა უნდა, ცდილობდა მოგება ენახა; მოგების მიღებას ცდილობდა მაღალი პროცენტით და ამით პენსიონერები ზარალდებოდნენ. შესაბამისად, არსებობს მექანიზმები, რაც შეიძლება სახელმწიფომ ჩადოს, რათა ამ პროცენტმა დაიწიოს”,-ამბობს ელისაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე ემხრობა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან სესხის სუბსიდირებას, ელისაშვილი პასუხობს, რომ ის მხარს უჭერს ე.წ საპენსიო სესხების პროცენტი იყოს დაბალი.

“საბაზრო ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, რასაც ვემხრობი...თუმცა ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ასევე პენსიონერებზე, რომელთაც თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ. ხშირ შემთხვევაში ოვერდრაფტებს აჩეჩებდნენ ბანკები, რაც საერთოდ ძარცვავდათ მათ. ერთი რამ ვიცი, რომ პროცენტმა უნდა დაიკლოს და რამდენადაც ვიცი ამ გადაწყვეტილებამდე მივედით. მანამდე ჩვენი მოსაზრებები ყველას გაგზავნილი გვქონდა, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართული. კერძოდ, ჩვენი ხედვა გავგზავნეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პროცენტმა დაიკლოს”,-ამბობს ელისაშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები