მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპირფარეშოების საკითხი საქართველოში აქილევსის ქუსლად იქცა“ - ნიკა ერქომაიშვილი

6055985c1eb8b
მარიამ ადამია
20.03.21 15:33
1392
რამდენად ეფექტიანად გამოვიყენეთ პანდემიის პერიოდი საქართველოში ტურიზმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით? - „საქმიან დილის“ ამ კითხვის პასუხად „ექსპლორ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ნიკა ერქომაიშვილი აცხადებს, რომ „აქილევსის ქუსლად ქცეული საპირფარეშოების თემა ისევ მოუგვარებელი რჩება“.

„საპირფარეშოების საკითხის მოგვარება, როგორც ჩანს, ვერ ჩაჯდა ჩვენს კულტურაში, თუმცა წინსვლა არის და ბენზინგასამართ სადგურებზე ეს პრობლემა მოგვარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მივდივართ, თუმცა ქვეყანაში, საპირფარეშოების გარდა, სხვა ბევრი გამოწვევაა დასაძლევი“, - განაცხადა ნიკო ერქომაიშვილმა.

გადაცემაში მან ასევე ისაუბრა მოლოდინზე, თუ როდის შეძლებს ტურიზმის სექტორი პოსტპანდემიურ ვითარებაში აღდგენას და, მისი თქმით, 2022 წლამდე არც უნდა ვიოცნებოთ აქამდე არსებული მაჩვენებლების დაბრუნებაზე.

„ვერც წელს და ვერც მომავალ წელს, პანდემიამდე არსებულ ნიშნულს ტურიზმში ვერ დავუბრუნდებით, თუმცა უარესი პერიოდიც გვახსოვს საქართველოში, მაგალითად, - ომი. ამიტომ წელს რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა, არ ვიცით, როდის დასრულდება სრულად ვაქცინაცია, როდის მოიხსნება „კომენდანტის საათი“, სასტუმროები, კვების ობიექტები როგორ გააგრძელებენ ტურისტების მიღებას. ამიტომ რთულია დაგეგმვა, თუმცა მაინც პოზიტივი შეინიშნება: 2022 წლისთვის ძალიან დიდი მოთხოვნა ფიქსირდება ქვეყანაში ჩამოსვლის კუთხით და ეს გამოჩნდა ITB Berlin-ის გამოფენაზე“, - განაცადა „ექსპლორ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ITB Berlin-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, რომელიც წელს ონლაინფორმატში გაიმართა. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს წელს სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული და მასში 39 ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ტურისტული ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. 2023 წელს კი საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება და მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომა ექნება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები