მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქაერონავიგაცია ძებნა-შველის ოფისის და ვერტმფრენების ანგარის მშენებლობაზე განმარტებას აკეთებს

ვერტმფრენი

თბილისის აეროპორტის მიმდებარედ, საქაერონავიგაციის კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენების ანგარი და ძებნა-შველის ოფისი მოეწყობა - ამას ითვალისწინებს 22.5-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საქაერონავიგაციამ გამოაქვეყნა. სატენდერო პირობების თანახმად, ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და ახალი ობიექტების მშენებლობა უნდა განხორციელდეს. ტენდერი საქაერონავიგაციამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. დღეს კი სახელმწიფო კომპანია პროქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, როდესაც მომზადებულ სიუჟეტში ითქვა, რომ ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიას უკავშირდებოდა. 

"საქაერონავიგაცია" კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "საქაერონავიგაციის" კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა.

"საქაერონავიგაცია" შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას 3 წლის წინ გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა.

ამასთან განვმარტავთ, რომ პანდემიის გამო შემცირებულმა ფრენებმა ნეგატიური გავლენა იქონია "საქაერონავიგაციის" ბიუჯეტზე, რამაც აღნიშნული და დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელება შეაფერხა. პანდემიის შემდეგ აღდგენილი ფრენებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიამ უპირველესად მიმართა იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ფრენების უსაფრთხოებას საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოები, მათ შორის: ბაზრის კვლევა 26 ივნისს დასრულდა, კომპანიამ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მშენებლობის ნებართვა 26 ივლისს მიიღო, ნებართვა 2 აგვისტოს დარეგისტრირდა კომპანიაში და 4 აგვისტოს სატენდერო წინადადება აიტვირთა შესყიდვების სააგენტოს საიტზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შენობა, რომელსაც "საქაერონავიგაცია" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მიმდებარედ აშენებს, არანაირ კავშირში არ არის სამაშველო ვერტმფრენებთან, მის  მომსახურებასთან და ოპერირებასთან.
 "საქაერონავიგაცია" არის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერი ორგანიზაცია და მას სამაშველო ფუნქცია არ გააჩნია.

აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატოთ შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა გამო და მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს,"- ნათქვამია "საქაერონავიგაციის" განცხადებაში. 

ტენდერში განაცხადების მიღება 6 სექტემბერს იწყება და 11 სექტემბერს სრულდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები