მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ჩეხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $137.6 მლნ-მდე გაიზარდა - რით ვვაჭრობთ ჩეხეთთან?

6389a14a47a6b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.22 13:58
1010
საქართველო-ჩეხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 10 თვეში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და 137.6 მლნ დოლარს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ზრდა 59.5%-ია და ეს ჩეხეთთან ექსპორტ-იმპორტის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყნებს შორის ვაჭრობაში საქართველოდან საქონლის იმპორტს მცირე 8.5%-იანი წილი უკავია, შესაბამისად იმპორტის მოცულობა 91.5%-ია. ამ პერიოდში ქვეყნიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 125.8 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს 61.4%-ით აღემატება. იმპორტის თითქმის მეოთხედს სატელეფონო აპარატები წარმოადგენს.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. სატელეფონო აპარატები - 34.3 მლნ დოლარი, 35 ტონა;
2. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15.2 მლნ დოლარი, 38 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები - 12.5 მლნ დოლარი;
4. ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი ძრავები - 5.2 მლნ დოლარი, 17 ტონა;
5. სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები - 3 მლნ დოლარი, 273 ტონა;
6. საშუალებები თმებისათვის - 3 მლნ დოლარი, 523 ტონა;
7. მილები, მილაკები და შლანგები და მათი ფიტინგები - 2.6 მლნ დოლარი, 139 ტონა;
8. ელექტრული აპარატურა ძაბვის წრედების კომუტაციის ან დაცვისათვის - 2.6 მლნ დოლარი, 86 ტონა;
9. მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები - 2 მლნ დოლარი, 8 ტონა;
10. ტრანსფორმატორები ელექტრული - 1.8 მლნ დოლარი, 38 ტონა;

როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ექსპორტის წვლილი მცირეა, მაგრამ ისიც მზარდია და წელს 11.7 მლნ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ ჩეხეთში საქონლის ექსპორტით სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი მიიღო. ექსპორტის ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 41.7%-ია. ამასთან, ექსპორტის ნახევარი - 54.3% წმინდა - ადგილობრივია, ხოლო დანარჩენი რეექსპორტია.

მთლიანობაში TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი - 2.8 მლნ დოლარი, 13 ტონა;
2. თხილი და სხვა კაკალი - 2 მლნ დოლარი, 422 ტონა;
3. ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 905 ათასი დოლარი, 365 ტონა;
4. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - 576 ათასი დოლარი, 103 ტონა;
5. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით - 542 ათასი დოლარი, 1 ტონალ
6. ცოცხები და ჯაგრისები - 461 ათასი დოლარი, 5 ტონა;
7. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 355 ათასი დოლარი, 105 ტონა;
8. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეცდანიშნულების ავტომობილების ნაწილები 317 ათასი დოლარი, 7 ტონა;
9. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში - 314 ათასი დოლარი;
10. პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 283 ათასი დოლარი, 3 ტონა;

ცნობისთვის, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ გუშინ გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტი გაორმაგებულია, ქვეყანაში შემოსული საქონლის დიდი ნაწილი კი რუსეთში გადის.

"ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ-ერეთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია. დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან. თუ ახლოდან დააკვირდებით, საქართველოს გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმებზე. საქართველოს პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველომ, პრაქტიკულად, უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუ მუდმივად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შიშით იმოქმედებს"- თქვა მიკისკამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები