მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა $590.7 მილიონია - ვინ არიან TOP ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები?

6432b365edd45
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.23 16:35
1476
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველო - ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირედით 7.6%-ით გაიზარდა და 590 მილიონ 760 ათასი დოლარი შეადგინა. ამგვარად EU-მ საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 20.3%-იანი წილი დაიკავა.

ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ვაჭრობაში ექსპორტს მცირე წილი უკავია. ამასთან 2023 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს ექსპორტში ევროკავშირის წილი თითქმის განახევრებულია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-თებერვალში EU-ში ექსპორტმა 115.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12.6%-ია. მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში ევროკავშირში ქვეყნიდან 59 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. ეს იმ პერიოდისთვის საქართველოს ექსპორტის 20.9% იყო.

აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში წელს ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა - ბულგარეთი (34.6 მილიონი) და ესპანეთი ($20 მილიონით) მოხვდა. დანარჩენი პოზიციები ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა დაიკავეს.

ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონლის ტოპ-5-ეული კი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $51.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 38%;
2. თხილი და კაკალი - $9.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8%;
3. კომპიუტერები და ბლოკები - $8.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5,457%;
4. სპირტიანი სასმელები - $6.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 110%;
5. ღვინოები - $3.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 24%.

BM.GE დაინტერესდა, რომელი კომპანიები ახორციელებდნენ ამ პერიოდში საქონლის ექსპორტს და საქსტატიდან ევროკაშირში საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა. კომპანიების სია ასეთია: სს RMG Copper; შპს Caucasian Metals Terminal; შპს RMG Gold; შპს აიტი-დისტრიბუშენი; შპს ატლანტიკ საქართველო; შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო; შპს კ და ქართული სპირტი; შპს სილქ თრეიდი; შპს ქართული ჰოლდინგი; შპს ჯორჯიან პროდაქტს რენესანს.

ცნობისთვის, ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად იანვარ-თებერვალში ჯამურად 474 მილიონ 960 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 21.8%-ით აღემატება. მთლიან, თითქმის 2 მილიარდიან იმპორტში, ევროკავშირის ქვეყნებზე 23.9% მოდის.

ამ მიმართულებიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 44 მლნ დოლარი;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 34 მლნ დოლარი;
3. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 27.7 მლნ დოლარი;
4. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - 17.2 მლნ დოლარი;
5. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის - 15.6 მლნ დოლარი.

საქსტატის მიერ BM.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, TOP-10 უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: სს გეფა; სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია; შპს ავერსი-ფარმა; შპს აკა; შპს ალტა; შპს თეგეტა თრაქ ენდ ბას; შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს; შპს პსპ ფარმა; შპს რომპეტროლ საქართველო; შპს ჯი-თი მოტორს.

ცნობისთვის, იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები