მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო FDI-ის დეფიციტს განიცდის“ - ევროპული ბიზნესასოციაცია

5eedfefe385ed
ელენე კვანჭილაშვილი
21.06.20 09:50
1208
"უკვე წლებია, ეს რიცხვები საკმაოდ პრობლემურია”, - ასე ეხმაურება ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ჯონ ბრეკეველდტი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 41.7%-ით არის შემცირებული, რასაც საქართველოს ხელისუფლება პანდემიის გავლენას უკავშირებს.

ჯონ ბრეკეველდტს მიაჩნია, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა არაფერს ამბობს რეალური უცხოელი ინვესტორების შესახებ.

„თუ შეხედავთ საიდან შემოდის ამ ქვეყანაში ინვესტიციები - ეს არის პანამა, ლუქსემბურგი, ირლანდია, ნიდერლანდები - ესენი არ არიან რეალური ინვესტორები, რომლებიც აქ საქართველოში საქმიანობენ ან პროდუქციას აწარმოებენ - ეს არის საფინანსო სექტორი, ეს იყო BP და ეს პროექტი უკვე დასრულებულია და დღეს უკვე ძალიან ნათლად ვხედავთ რიცხვებში, რომ საქმე უკვე ის კი არ არის, საიდან შემოდის მეტი ინვესტიცია ან ნაკლები - საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დეფიციტს განიცდის“, - ამბობს ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი.

„ანალიტიკას“ კითხვაზე - რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ჯონ ბრეკეველდტი ამბობს, რომ „მიზეზი საკმაოდ მარტივია“.

როგორც ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, შეიძლება გქონდეს ორი ტიპის ინვესტიცია - მსხვილი და/ან მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისგან მოზიდული. მსხვილი კომპანიების მხრიდან საქართველოში ინვესტირების მიმართულებით, ბრეკეველდტი, რომელიც თავად ამ ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს, ასეთ ანალიზს გვთავაზობს: „მსხვილ ინვესტორებს და აქ საშუალოდ 50-100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციებს ვგულისხმობ - მთავრობისგან დიდი მოტივაციის შექმნა და მასთან პირდაპირი კომუნიკაცია სჭირდებათ. ყველაზე მთავარი საკითხი, რასაც მე ვხედავ ამ ტიპის ინვესტიციებთან მიმართებით ბაზრის ზომაა - საქართველოს ეკონომიკა არ არის საკმარისი, მეტიც - რეგიონის ეკონომიკაც კი არ არის საკმარისი ასეთი დიდი კომპანიებისთვის, როდესაც ასეთი კომპანიები ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ, მათ მყისიერად სჭირდებათ ბაზარი - რაც დღეს შეუძლებელია“, - ამბობს ბრეკეველდტი.

შესაბამისად, ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებზე უფრო დიდ ფსონს დებს.

„მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტის ბაზარს საქართველოში გაცილებით მეტი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს. დიახ, ეს შედარებით მცირე ზომის ინვესტიციებია, მაგრამ მეტი ინვესტიციის მოზიდვაა შესაძლებელი. ვიტყვი, რომ DCFTA-ის შესაძლებლობებს საქართველო ჯერ ბოლომდე ვერ იყენებს, მაგრამ თვითონ ამ ხელშეკრულების არსებობა უკვე უპირატესობაა. ამასთან, საქართველოს აქვს მსგავსი შეთანხმება ჩინეთთანაც. აქვე, ევროკავშირის ერთ რიცხვსაც მოგიყვანთ: საქართველო მთელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი მხარდაჭერის - 500 მილიონი ევროს ბენეფიციარია იმისთვის, რომ ქვეყანა და მისი ეკონომიკა განვითარდეს. ახლა მთავარია ამ შესაძლებლობების გამოყენება“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები