25 ივნისს ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს საინაუგურაციო კონფერენცია, რომელიც გახსნეს ირლანდიის ვიცე პრემიერმა, მეწარმეობის, ვაჭრობისა და დასაქმების მინისტრმა ლეო ვარადკარმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ორივე ქვეყნიდან.
ღონისძიება მოიცავდა სამ პანელს: ოფიციალურ გახსნას, ბიზნეს პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ წარმოადგინა, ხოლო მესამე ნაწილში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ისაუბრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ევროპული ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე. პანელისტებს შორის იყო საქართველოში ირლანდიის ელჩი მარტინა ფინი, რომელმაც მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. ასევე, ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოს „Enterprise Ireland” რეგიონული დირექტორი კონორ ფაჰი და ისაუბრა საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბიზნესის წარმოების უპირატესობებზე.
საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და და აღნიშნა, რომ წელს საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი შესრულდა და საბჭოს დაფუძნება ერთგვარად სიმბოლურია. მან წარმატება უსურვა ბიზნეს საბჭოს წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ ახალი პლატფორმა - საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
ახლო მომავალში საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო, ჯეიმს ბრიჯმანის ხელმძღვანელობით, გეგმავს საქართველოში გაცნობით ვიზიტს საბჭოს წევრებთან ერთად, ორმხირივი კონტაქტების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მიზნით.
კონფერენციაში 90-მდე მონაწილე და დამსწრე იყო ჩართული რაც საქართველოს და ირლანდიის მხრიდან მზარდ ბიზნეს-ინტერესებზე მიუთითებს.