“პანდემიამ გააჩერა ეს პროცესი და იმედია, აღდგება ვითარების გამოსწორების პარალელურად. ბოლოს ამ საკითხის განხილვა 2019 წლის დეკემბერში მოხდა, რის შემდეგაც პანდემიამ გააჩერა ეს პროცესი.
ჩემი აზრით, გასულ წელს შეიძლება ყოფილიყო პროგრესი, რომ არა პანდემია. ერთი-ორი შეხვედრაც გაიმართა ჟენევაში 2019 წლის ბოლოს, მაგრამ პანდემიამ გააჩერა.
ძალიან ბევრი დეტალის დაზუსტება არის დარჩენილი. ეს ისეთი პროექტია, რომ მას პრეცედენტი არ აქვს. ვერ ნახავთ, რომ ასეთი რამ სხვა ქვეყანაში გაკეთებულიყო. უამრავი საკითხი დასაზუსტებელია და სწორედ ამიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. იმედს ვიქონიებ, რომ პანდემიის შემდეგ აღდგება განხილვები", - განაცხადა აბაშიძემ.
9 წელი შეთანხმების ხელმოწერიდან:
საქართველოსა და რუსეთს შორის ოკუპაციის ზონაში სახმელეთო ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმება 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან შეთანხმება რუსეთის WTO-ში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. ხელშეკრულება ჟენევაში გაფორმდა და მან ტვირთების მონიტორინგის ვალდებულება შვეიცარულ კომპანია SGS-ს დააკისრა.
ტვირთების მონიტორინგისთვის, იქმნება სპეციალური ფონდი, რომელსაც საქართველო და რუსეთი დააფინანსებენ, ფონდის ადმინისტრირებას კი, შვეიცარიული მხარე მოახდენს და ის მონიტორინგის განმახორციელებელ კომპანიას დააფინანსებს.
ტვირთების მონიტორინგი 3 სავაჭრო დერეფანზე განხორციელდება - პირველი, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს. ის სოჭთან იწყება და ზუგდიდში მთავრდება; მეორე დერეფანი მოიცავს ცხინვალის რეგიონს, ხოლო მესამე - ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით, ტვირთბრუნვის მონიტორინგი 3 თვეში უნდა დაწყებულიყო.