2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ტანსაცმლის ექსპორტის მოცულობამ 56.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 53,2% იყო და ეს რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
BM.GE დაინტერესდა - რომელ ქვეყნებში ხორციელდება ტანსაცმლის ექსპორტი და რომელი კომპანიები არიან მთავარი ექსპორტიორები.
საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, საქართველოდამ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტირებულ ტანსაცმელში დიდი წილი ქალის სამოსს უკავია, ხოლო შემდეგ კაცის და ბავშვის ტანსაცმელი მოდის.
2019 წელს ექსპორტირებული ტანსაცმლის მოცულობა 43.6%-ით გაიზარდა და ჯამში, 2 565 ტონა შეადგინა.
გასულ წელს 19.8 მლნ დოლარის - 1 131 ტონა მამაკაცის და ბიჭის ტანსაცმელი, 33.5 მლნ დოლარის ღირებულების - 1 244 ტონა ქალის და გოგონას და 2.5 მლნ დოლარის ღირებულების საბავშვო ტანსაცმელი მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა.
საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ექსპორტში თურქეთი იკავებს. გასულ წელს თურქეთში 16.5 მლნ დოლარის ღირებულების ქალის და 16.0 მლნ დოლარის კაცის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა.
მეორე ადგილზეა იტალია, აქ 2019 წელს კაცის - 2.4 მლნ დოლარის, ქალის - 7.3 მლნ დოლარის, ხოლო ბავშვის 1.4 მლნ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიტანეთ ექსპორტზე.
მესამე ადგილი ქალის ტანსაცმლის ექსპორტის მიხედვით პოლონეთს უკავია. 2019 წელს ამ მიმართულებით ტანსაცმელი პირველად იყო ექსპორტირებული. ქალის 75 ტონა ექსპორტირებული ტანსაცმლის ღირებულებამ 3.4 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა როგორც კავკასიის რეგიონის, ასევე ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით:
• გერმანია: ქალის - 2.6 მლნ დოლარი; კაცის - 289.9 ათასი დოლარი;
• აზერბაიჯანი: ქალის - 2.0 მლნ დოლარი; კაცის - 1.7 მლნ დოლარი; ბავშვის - 1.1 მლნ დოლარი;
• სომხეთი: ქალის - 1.3 მლნ დოლარი; კაცის - 755 ათასი დოლარი; ბავშვის - 63.3 ათასი დოლარი;
• გაერთიანებული სამეფო: ქალის - 346.6 ათასი დოლარი;
• რუმინეთი: ქალის -209.8 ათასი დოლარი;
• აშშ: ამ მიმართულებით ქალის ტანსაცმლის ექსპორტი პირველად განხორციელდა და 196.6 ათასი დოლარი შედაგინა;
• დანია: ქალის - 88.6 ათასი დოლარი;
• რუსეთი: ქალის - 34.3 ათასი დოლარი;
• ესპანეთი: ქალის - 25.2 ათასი დოლარი; კაცის - 15.1 ათასი დოლარი;
აღსანიშნავია, რომ მცირე რაოდენობით ქალის ტანსაცმელი ექსპორტზე ირანშიც გავიდა.
რაც შეეხება ექსპორტიორ კომპანიებს, 2019 წელს ტანსაცმლის ექსპორტს შემდეგი კომპანიები ახორციელებდნენ:
• კაცის ტანსაცმელი - შპს "ბათუმიტექს"; შპს აჭარა ტექსტილე; შპს ევროტექსი; შპს Retail Group Georgia; შპს დეფაქტო რითეილ ჯი; შპს ექსპორტ; შპს ქუთექს; შპს გარანტი; შპს მოვი; შპს ბე ენ ჰაშ;
• ქალის ტანსაცმელი - სს სამკერვალო კომპანია იმერი; შპს "ბათუმიტექს"; შპს BTM-TEXTILE; შპს ევროტექსი; შპს დეფაქტო რითეილ ჯი; შპს ემჯიემტექს; შპს მატერიელ თბილისი; შპს ფელინ გლობალ; შპს გარანტი; შპს ოზურგეთი დენიმ;
• საბავშვო ტანსაცმელი ან მისი საკუთვნოები: შპს ბეიბი ლაინი; შპს აჭარა ტექსტილე; შპს ევროტექსი; შპს Retail Group Georgia; შპს "Fashion Retail Georgia"; შპს დეფაქტო რითეილ ჯი; შპს პარლამენტ; შპს გარანტი; შპს GEORGIANTRANS+; შპს ენივერ.