მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო

6352824f91484
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.22 15:39
922
2022 წლის 9 თვეში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან $84 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ხუთჯერ მეტია. ამასთანავე, ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი წინა წლის განმავლობაში 12 თვეში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ექსპორტის მატება თურქეთის ბაზარს უკავშირდება. თუკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთში 7.7 მილიონი დოლარის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, წელს მისი მოცულობა 79.5 მილიონ დოლარს აღემატება.

ექსპორტის შემოსავლის ასეთი ზრდა თურქულ ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფის მატებას უკავშირდება. თუკი გასულ წელს თურქეთში ფასი 4 ცენტი იყო, ამჟამად კილოვატ საათის ფასი 10 ცენტს აღემატება.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ექსპორტის მატება სექტემბერში ელექტროენერგიის გამომუშავების გაუმჯობესებულმა მაჩვენებლებმაც განაპირობა.

“მთელი ექსპორტის ძირითადი ნაწილი თურქეთში გადის და იქაური ფასი განაპირობებს ექსპორტიდან შემოსავლებს. რაოდენობაშიც გაზრდილია, თუმცა თანხობრივად გახუთმაგებულია. ისე მოხდა, რომ სექტემბერიც საექსპორტო თვე იყო, როდესაც წინა წლებში ბალანსი ისე ჯდებოდა, რომ აგვისტოშიც კი იმპორტს ვაკეთებდით. ახლანდელი ექსპორტი სექტემბერშიც კი იმის ხარჯზე მოხდა, რომ თბო-სადგურებმა იმუშავეს. საპროგნოზო ბალანსს რომ ვუყურებთ, შემდეგი 4 თვე ელექტრო ენერგიის იმპორტია დაგეგმილი. აქ საინტერესო კითხვაა, ექსპორტის ფასი რომ იზრდება, ეს ხომ არ ნიშნავს რომ იმპორტის ფასიც იზრდება? იმპორტს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ და ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებული მსოფლიო ენერგეტიკულ კრიზისზე. რუსეთიდან მიწოდების შეზღუდვებია ერთ-ერთი განმაპირობებელია ამ ენერგეტიკული კრიზისების. ამიტომ რუსეთს თავისუფლად შეუძლია ფასდადების ის პოლიტიკა განახორციელოს, რაც უნდა და საქართველოსთანაც ის პოლიტიკა გაატაროს, რომელიც უნდა", - განმარტა ჩახვაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები