მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 21 წლამდელთა ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობა 100 მლნ დაუჯდება

63cba3f081ac3
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.23 12:24
2197
2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველომ ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით საქართველოში UEFA-ს დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ორგანიზაციის საოპერაციო დირექტორი შარონ ბურკჰალტერ-ლაუ ხელმძღვანელობს. 

ჩემპიონატს საქართველოსთან ერთად რუმინეთიც უმასპინძლებს, სადაც გახსნითი თამაშები გაიმართება, ხოლო ფინალი საქართველოში ბათუმის ახალ სტადიონზე უნდა გაიმართოს. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციამ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან გამართა შეხვედრა, რომელზეც ჩემპოპნატის მზადების პროცესი განიხილეს. სამინისტროს თანახმად, საქართველო საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განახლებაზე 100 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. 

"უეფას წარმომადგენლები, ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდნენ.

ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო იმ სამუშაოების პროგრესი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აწარმოებს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატისთვის მზადებაში არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული და პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს სამუშაოების წარმოების გრაფიკი ყველა სტადიონთან მიმართებაში და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში.

საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, მოწესრიგდება არსებული და დამატებით მოეწყობა 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული,"- ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონეზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ახალი საფეხბურთო სტადიონები შენდება ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები