მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 7 აეროპორტიდან ახალი წესით 6 უკვე სერტიფიცირებულია - ლევან მოსეშვილი

6200fb7cdfc6b
სალომე ჭიპაშვილი
07.02.22 21:10
974
საქართველო აეროდრომების სერტიფიცირების მოთხოვნებში ცვლილებების წარმატებით დანერგვის კუთხით, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდა. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, დაიხვეწა აეროდრომისა და ვერტოდრომის სერტიფიცირების არსებული მოთხოვნები, კრიტერიუმები და პროცესები, ასევე, აეროდრომის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ტექნიკური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათი მომზადება-გადამზადების კრიტერიუმები, ინსტრუქტორ-მასწავლებლებისა და შემფასებლების მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა. მოსეშვილის განმარტებითვე, ქართული ავიაციის კანონმდებლობაში პირველად გაჩნდა „საფრენი მოედნის“ ცნება, რაც ქვეყნის შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განვითარებას შეუწყობს ხელს.

“სწორედ ამ წარმატების და გამოცდილების გაზიარებისათვის, რამდენიმე მეზობელმა ქვეყანამ მოგვმართა. ამჟამად მათთვის ჩვენი გამოცდილებისა გაზიარებისა და დახმარების პროცესი მიმდინარეობს”, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაიზიარა ევროპული ქვეყნების გამოცდილება. მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გაჩნდა საკანონმდებლო ჩარჩო, რაც გულისხმობს ქვეყნის შიგნით, შედარებით მცირე ზომის საფრენი მოედნების მოწყობასა და მოწესრიგებულად ფუნქციონირებას. როგორც მოსეშვილი ამბობს, ეს ქმნის უსაფრთხო გარემოს, როგორც პილოტებისათვის, ვინც გამოიყენებს საფრენ მოედნებს, ასევე იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც მცირე ავიაციის გამოყენებით განახორციელებენ გადაადგილებას და საავიაციო სამუშაოებს. საფრენ მოედნებს შეიძლება ჰქონდეთ ფართო გამოყენება მრავალი მიმართულებით, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, აერო-ტოპოგრაფიული გადაღებები, ჰაერიდან ტყის მასივის პატრულირება, ხანძრის ქრობა და ა.შ.

ლევან მოსეშვილმა ასევე საქართველოში აეროდრომების პროექტირებისა და ოპერირების სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტზეც ისაუბრა.

„ამჟამად სპეციალისტების გადამზადება ხდება საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან ერთობლივად იგეგმება პროფესიული საგანმანათლებლო და სპეციალიზებული სასწავლო კურსების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს ადგილზე მოვამზადოთ, გადავამზადოთ შესაბამისი კვალიფიკაციის ავიასპეციალისტები, რომელთა დასაქმებაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც სერტიფიცირებულ აეროდრომებზე, ასევე საფრენი მოედნების ოპერირების პროცესშიც“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამჟამად სერტიფიცირებულია შვიდი აეროდრომი, მათგან სამი საერთაშორისო დანიშნულების ფრენების მომსახურებისათვის, ხოლო ოთხი ადგილობრივი დანიშნულების. აეროდრომების სერტიფიცირების ახალ წესთან შესაბამისობის პროცესი 2021 წელს დაიწყო და დღეის მდგომარეობით ეს პროცესი წარმატებით ექვსმა აეროპორტმა გაიარა. ამჟამად მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ე.წ. სერტიფიკატის რესერტიფიცირების პროცესი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები