მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

6453992393495
BM.GE
04.05.23 15:42
470
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და ამ მიმართულებების მიხედვით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესზე, ურბანული განახლების მიზნით მიმდინარე სპეციალურ პროგრამებსა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას და ისაუბრა მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტების მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე.

ირაკლი ქარსელაძემ, ვრცელი და სრულფასოვანი პრეზენტაციის მეშვეობით, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს გეგმებზე, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამების შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა სამინისტროსა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრს, მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, კითხვები დაუსვეს.

„მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სექტორის პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია უწყებების უშუალო ხელმძღვანელებთან ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ, თანამშრომლობითა და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია იმ ეკონომიკური ამოცანების მიღწევა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას. ეს უკანასკნელი კი, როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის საერთო ინტერესს წარმოადგენს. მადლობას ვუხდით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, ასეთი დეტალური და შინაარსიანი პრეზენტაციისთვის და ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები