მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

6001847248461
BM.GE
15.01.21 16:01
881
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა. ასევე საუბარი შეეხო ზოგადად დღგ-ის რეფორმას და მის ფარგლებში 1-ლი იანვრიდან შესულ სიახლეებს.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საგადასახადო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომპანიების მხრიდან 2021 წლის 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო იქნება დაქირავებულ პირთა ახალი ელექტრონული რეესტრის წარმოება. შეგახსენებთ, რომ მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. ასევე გაიმართა დისკუსია, რომლის მეშვეობით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, მოხდა მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრას ესწრებოდა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 130-ზე მეტი წარმომადგენელი.

„ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის წევრების მხრიდან დაფიქსირდა მოსაზრებები დაქირავებულ პირთა ელექტრონული რეესტრის შევსების ვადებთან და წესთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ჩვენი წევრების თხოვნას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია რეესტრის ეფექტიანი და სრულყოფილი წარმოებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები