მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც ქართველი ხალხი, სიმტკიცეს ინარჩუნებს“ - კელი დეგნანი

637a18550a7e5
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 16:21
1056
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა, ისევე როგორც ქართველი ხალხი სიმტკიცეს ინარჩუნებს. ამის შესახებ მან, გუშინ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) 24 წლის საიუბილეო გალა საღამოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაარსების დღიდან, ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-სა და საქართველოს ბიზნეს საზოგადოებებისა მთავარი დამაკავშირებელი ხიდია.

"ამ წელს გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ მსურს ყურადღება დადებითზე გავამახვილო. საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც ქართველი ხალხი, სიმტკიცეს ინარჩუნებს. ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა ციფრით იზრდება. გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკამ გადალახა პანდემია და გაუმკლავდა უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის გამოწვევებს. დასაფასებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის შრომა და პოლიტიკა, რამაც ხელი შეუწყო ამ ეკონომიკურ ზრდას.

მოგეხსენებათ, შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად გასული წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს ვესტუმრე. პირადად ვიხილე ქართველი ხალხის სიმტკიცე და გამძლეობა. შევხვდი ტექნოლოგიების სფეროს ახალგაზრდა მეწარმეებს კრეატიული მიდგომებით. ვესტუმრე ფერმერებს და მეღვინეებს, რომლებიც თავიანთ პროდუქციას აუმჯობესებენ და ამზადებენ ექსპორტისა და უფრო მაღალი ღირებულების ბაზრებისთვის. დავესწარი ახალი პორტის ტერმინალის გახსნას, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის განვითარებისთვის. ასეთი კრეატიულობის, ინდუსტრიისა და ბიზნესში ასეთი დინამიკიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ეკონომიკა აგრძელებს განვითარებას", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

საელჩო აფასებს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის სავაჭრო პალატასთან ინვესტიციების და ვაჭრობის ზრდისა და კერძო სექტორის განვითარების წინსვლის მიზნით. ამჟამად USAID, აშშ-ის სავაჭრო პალატა და წამყვანი საერთაშორისო სასტუმროები სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის სექტორში მომსახურების სტანდარტების გასაძლიერებლად თანამშრომლობენ. ასევე, ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობა მონაწილეობს USAID-ის ინდუსტრიული უნარების პროგრამის ბიზნეს ლიდერთა საბჭოში. რათა დააკავშირონ სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა ბიზნეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სავაჭრო პალატას ასევე უთანამშრომლია საელჩოსთან, საქართველოს მოქალაქეების შეერთებულ შტატებში, გაცვლით პროგრამებში გაგზავნის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას ემსახურება
ამერიკის სავაჭრო პალატის მსგავსად , შეერთებული შტატები რჩება უსაფრთხო და აყვავებული საქართველოს ერთგული.

ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სწრაფვას ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ. მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია", - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას საქართველოში კეთილდღეობისა და მეგობრობის ხელშეწყობის საქმეში პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები