მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი IT; ინფორმაცია და კომუნიკაციებია

641978261db16
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.23 13:34
3103
2022 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზომამ რეკორდულ 71.7 მილიარდ ლარს მიაღწია, საქსტატის შეფასებით ეკონომიკის რეალური ზრდა 10.1% იყო. შესაბამისად, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობამ 19,452 ლარს, ანუ 6,671 დოლარს მიაღწია. ეკონომიკის ყველაზე დიდი სექტორი ვაჭრობაა, რომლის წილიც მშპ-ში 15%-ია, თუმცა ზრდის ტემპით 2022 წელს ყველაზე გამორჩეული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი იყო, სადაც მატებამ 49.9% შეადგინა. 

ასეთი დიდი მატების მიუხედავად სექტორი საქართველოს ეკონომიკის რიგით მეცხრე უმსხვილესი სფეროა და მისი ზომა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს, თუმცა სავარაუდოდ, მომდევნო წლებში ის უფრო წინ გადაინაცვლებს. 

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მკვეთრად გაიზარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. თუკი 2021 წელს მასში 30 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2022 წლის ბოლოს დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 41.2 ათასს აღწევდა. ეს სამუშაო ძალის 38%-იანი მატებაა. 

დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის საქართველოში აუთსორს სერვისების მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლით და ადგილობრივი IT ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე გასვლით. კიდევ ერთი ფაქტორი მიგრაციას უკავშირდება, რადგანაც გასულ წელს რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან IT სფეროში დასაქმებულთა მიგრაციას ჰქონდა ადგილი, რომლებიც ამჟამად ანაზღაურებას საქართველოში იღებენ.

გაიზარდა სექტორის საშუალო ანაზღაურებაც, თუკი ის 2021 წელს 2,045 ლარს შეადგენდა (საშემოსავლოს ჩათვლით), 2022 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასი უკვე 3,773 ლარამდე იყო გაზრდილი. 

ზრდა ფიქსირდება ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ტრადიციულ სექტორში - კავშირგაბმულობაში. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2022 წელს მობილური სერვისის აბონენტების რაოდენობა 4.86 მილიონიდან 5.37 მილიონამდე გაიზარდა. ბუმი იყო მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობაშიც, რაც 2.81 მილიონიდან 3.5 მილიონ აბონენტამდე გაიზარდა. შედეგად, სექტორის ყოველთვიური შემოსავლები, რაც 2021 წლის დეკემბერში 40 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წლის დეკემბერში ის 63.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მატება ფიქსირებული ინტერნეტის სფეროშიც, 950 ათასიდან 1,05 მილიონამდე გაიზარდა მისი აბონენტების რაოდენობა. 694 ათასიდან 729 ათასამდე გაიზარდა მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) მომხმარებელთა რაოდენობაც.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები