მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

648b23de4d7d7
BM.GE
15.06.23 18:43
510
საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს. შეხვედრაზე მიწვეულმა ეკონომისტებმა, ფინანსისტებმა, დარგის ექსპერტებმა და მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ანგარიშის თანახმად, პანდემიის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და გლობალური ფინანსური პირობების ფონზე ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის ურთიერთგადამფარავმა შოკებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნების განვითარება, რაც უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილის აიჰან კოსეს განცხადებით, ბევრ განვითარებად ქვეყანას უჭირს გაუმკლავდეს სუსტ ეკონომიკურ ზრდას, ხანგრძლივად მაღალ ინფლაციას და ვალის რეკორდულ დონეს და პოლიტიკის შემმუშავებლებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური სტრესის გავრცელება და შეამცირონ მოახლოებული შიდა მოწყვლადობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, ძლიერი ეკონომიკური ზრდაა, საბანკო სექტორი ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზებულია.

"დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა წარადგინეს ანგარიში და ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე. ჩვენი მხრივ ვისაუბრეთ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება მოუწია - პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი. ეროვნულმა ბანკმა გაატარა ადეკვატური ღონისძიებები გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ და ქვეყანამ შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა და საერთაშორისო რეიტინგები", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა, სამთავრობო, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აუდიტორიისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები