მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფინტექ ასოციაცია ფუძნდება - მიზნები და გეგმები

5f7c4acc3d636
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.20 14:52
1800
დღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში საქართველოს ფინტექ ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება. ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ერედელია. 

"ასოციაციის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა ფინანსურ სექტორში არსებულ ასოციაციათა სიმრავლის გამო დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ ფინტექ ასოციაციის შექმნა ჯერ ადრე იყო, თუმცა ბოლო დროს ფინტექ სექტორი ძალიან განვითარდა და ბევრი სტარტაპ კომპანია შეიქმნა, ბანკებმაც განავითარეს ეს მიმართულება. შესაბამისად, ასოციაციის შექმნის აუცილებლობაც გაჩნდა“, - აღნიშნა bm.ge-ისთან ლაშა ერედელმა.

მისი თქმით, ასოციაცია ღია იქნება როგორც სტარტაპებისთვის, ასევე, განვითარებული კომპანიებისთვისაც. გეგმებზე საუბრისას კი ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ გაერთიანება რამდენიმე მიმართულებთ იმუშავებს.

„ზოგადად ვგეგმავთ დავეხმაროთ საქართველოს ფინტექ მიმართულების განვითარებას; ასევე, საქართველოს კანონმდებლობის განვითარებისთვის საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებას; ჩართულობას და ახლო თანამშრომლობას სახელმწიფო და კერძო სექტორთან; დიდ დროს დავუთმობთ ფინტექ მიმართულების საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; ვითანამშრომლებთ ტექნოლოგიური მიმართულებით სპეციალიზებულ უნივერსიტეტებთან და ვეცდებით, რომ ნიჭიერ სტუდენტებს ფინტექ კომპანიებისკენ გავუხსნათ გზა“, - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ასოციაცია კერძო და საჯარო სექტორს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის როლსაც შეასრულებს.

ამასთან, ლაშა ერედელი აღნიშნავს, რომ ფინტექ ასოციაცია დამფუძნებელთა ფინანსური რესურსით შეიქმნა.

„ასოციაცია და მისი ვებგვერდი დამფუძნებლების პირადი ფინანსური რესურსით შეიქმნა, თუმცა ჩამოყალიბების შემდეგ წევრებთან ერთად ვიმუშავებთ მიზნების მიღწევაზე. ზოგადად, საქართველოში დაფუძნებულ სტარტაპებს უჭირთ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ფეხის მოკიდება და ჩვენი ამოცანა იქნება მათ ეს საქმე მაქსიმალურად გავუმარტივოთ, შევძლოთ მათთვის საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ჩვენთან გაწევრიანების სურვილი არაერთმა სტარტაპმა გამოხატა, თუმცა არ ვჩქარობთ, ჯერ გვექნება პრეზენტაცია და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებას გავშლით და უფრო პრეფერენციულად მივუდგებით სტარტაპებს, ხოლო უკვე ჩამოყალიბებულ კომპანიებთან გვექნება პარტნიორობის სურვილი, რათა ქართულ კომპანიებს განვითარებაში ერთად დავეხმაროთ", - უთხრა BM.GE-ის ლაშა ერედელმა.

აღსანიშნავია, რომ დღესვე საქართველოს ფინტექ ასოციაციასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც მომავალში საინტერესო პროექტებში თანამონაწილეობას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები