ქართული IT დეველოპერული კომპანია SWEEFT DIGITAL-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-მა შეიძინა. დადებული გარიგების შედეგად პირველ ეტაპზე რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება და 3 წლის განმავლობაში 1200-მდე ქართველი დეველოპერი დასაქმდება.
როგორც საქართველოს ელჩი ესპანეთში, ილია გიორგაძე აცხადებს, MAKING SCIENCE-ი ესპანეთში ერთ-ერთი პოპულარულია და ის საფონდო ბირჟებზე დალისტული კომპანიაა. როგორც გიორგაძე ამბობს, აღნიშნული გარიგების შემდეგ საქართველოს მიმართ ინტერესი სხვა კომპანიების მხრიდანაც გაიზარდა.
“ის, რომ ესპანურმა MAKING SCIENCE-მა ქართული კომპანია SWEEFT DIGITAL-ი შეიძინა, როგორც ელჩს მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი უნიკალური და მნიშვნელოვანი შემთხვევაა. ვინაიდან, ამ შემთხვევაში ერთი მხრივ, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და მეორე მხრივ, საქართველოდან ექსპორტი. პირველ რიგში ეს ძალიან ადგება საქართველოს ეკონომიკას. უნდა აღვნიშნო, რომ ის კომპანია, რომელმაც ქართული SWEEFT DIGITAL-ი შეიძინა, ძალიან პოპულარულია ესპანურ ბაზარზე, ის საფონდო ბირჟებზე დალისტული კომპანიაა. შესაბამისად, პირდაპირ გეტყვით, რომ რამდენიმე სხვა კომპანია დამიკავშირდა და დაინტერესდა ქართული ბაზრით, საქართველოს IT ტექნოლოგიებით", - აცხადებს საქართველოს ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე.