„საქართველოს კაპიტალი“ განათლების სექტორში 60 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა გამყრელიძემ გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ გამყრელიძე 2023 წლიდან „საქართველოს კაპიტალის“ CEO-ს თანამდებობას დაიკავებს.
მისი თქმით, ინვესტირება იგეგმება სკოლების განვითარებაში.
„ფართო არეალი იქნება, სადაც შეიძლება რომ ჩემი გამოცდილება გამოვიყენო თუნდაც ინვესტირების კუთხით და სხვა სექტორებში, რომელიც ძალიან მოგვწონს, მაგალითად განათლება, ინვესტირება განვახორციელოთ. სწორედ ინვესტორთა დღეზე გამოვაცხადეთ, რომ 60 მლნ დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ ხელმისაწვდომი ბიუჯეტის სკოლების განვითარებაში და ვფიქრობ, რომ ამით კარგ საქმეს გავაკეთებთ როგორც კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 9 მაისს ინვესტორებისთვის განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს კაპიტალს 2022 წლიდან მოყოლებული განახლებული სტრატეგია ექნება. ის აქცენტს გააკეთებს ნაკლებად კაპიტალტევად ინვესტიციებზე, განაახლებს კაპიტალის მენეჯმენტის ჩარჩოს და საკუთარ სტრატეგიას დააფუძნებს ESG სტანდარტებზე.