მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მიდიების და ხამანწკების რეალიზებით მილიონების მიღება შეუძლია – Maricultura Georgia

60b26867a05dd
მარიამ იზორია
30.05.21 00:00
2886
კომპანია Maricultura Georgia მიდიებსა და ხამანწკებს 2017 წლიდან კვარიათში, ზღვაში, აკვაფერმაში აწარმოებს, რომელიც 12 მეტრ სიღრმეზეა მოწყობილი. როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა მამუკა მიქაშავიძემ განუცხადა, მათ განკარგულებაშია 70 ჰა, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ 1 ჰა აქვთ ათვისებული, სადაც წლიურად 20-40 ტონამდე ხამანწკებსა და მიდიებს მოიპოვებენ.

Maricultura Georgia 1 მლნ ნახევარი ლარის ინვესტიციით შეიქმნა და ამ დროისთვის 15-20 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება ზღვის პროდუქტების ღირებულებას, 1 კგ მიდია და ხამანწკი 10 ლარი ღირს.

„მარიკულტურას“ დამფუძნებელი bm.ge-სთან ყვება, რომ კომპანია პროდუქტს ცოცხალი სახით ყიდის.
„აკვაფერმა თბილისშიც გავაკეთეთ და საჭირო ტექნოლოგიით აღვჭურვეთ. ძირითადი აქცენტი პროდუქტის ცოცხლად მიწოდებაზე გვაქვს, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ წარმოებას ფლობ - მოლუსკები წყლიდან ამოყვანის შემდეგ 1 კვირა ცოცხლობენ, ამიტომ ცოცხლად შენარჩუნებისთვის სპეციალური ტექნოლოგიაა საჭირო, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია“, - ამბობს მიქაშავიძე.

Maricultura Georgia-ს დამფუძნებელი ზღვის პროდუქტების წარმოების პოტენციალზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მაღალი ხარისხის ხამანწკებისა და მიდიების წარმოების კარგი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ამ პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებს და მილიონობით ლარის შემოსავალს კარგავს.

„მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოების გაზრდა გვინდა, საერთაშორისო ბაზარიც დაინტერესებულია. ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში გვქონდა, თუმცა მცირე რაოდენობით; მაგალითად, აზერბაიჯანს ყოველთვე 20 ტონა მიდია და ხამანწკი უნდა, სომხეთს - 15 ტონა, მაგრამ ხელს სეზონზე გააქტიურებული ქურდობა გვიშლის. საჭიროა, არსებობდეს საკანონმდებლო ბაზა, რათა პროდუქტი დავიცვათ. მის დასაზღვევად არც საბანკო სისტემა არსებობს - შეიძლება 10 ტონა ხამანწკი და მიდია გავზარდოთ, მაგრამ აქედან 8 ტონა მოგვპარონ, ამის გამო ყოველწლიურად 200 000 ლარის შემოსავალს ვკარგავთ. საკანონმდებლო ბაზა არაა მოწესრიგებული, რომ ზღვაში ინვესტიცია იყოს დაცული. არადა სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოს მიდიებისა და ხამანწკების რეალიზებით მილიონობით შემოსავლის მიღება შეუძლია“, - აცხადებს მამუკა მიქაშავიძე.

მიუხედავად გამოწვევებისა, „მარიკულტურის“ დამფუძნებელი ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი არსებული ქარხნის და წარმოების გაფართოებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები