მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეები ძლიერ პროდასავლურ მისწრაფებებს ინარჩუნებენ - CRRC-ის კვლევა

63f4cf499fede
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.23 18:13
1478
CRRC-საქართველომ 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში საგარეო საფრთხეების აღქმას შეეხება.

ამ პერიოდში წარმოებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუნდაც ამან რუსეთის მხრიდან აგრესიის რისკები გაზარდოს.

„ზოგადად, ახალგაზრდები, ქალაქების მოსახლეობა, უმაღლესი განათლების მქონე პირები და ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო მეტად უჭერენ მხარს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს, ვიდრე სხვა ჯგუფები“, - აღნიშნული დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მათ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს და არ სჯერა, რომ ამის გამო ისინი ეროვნულ იდენტობას დაკარგავენ.

„ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეების შედარებით მცირე ნაწილს იმის მოლოდინი აქვს, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს კონტროლის ქვეშ დააბრუნებს“, - წერია დოკუმენტში.

აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ ტრადიციულად, საქართველოს მოქალაქეები ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ: მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის დონე წლების განმავლობაში მერყეობს, ის არასდროს ჩამოსულა 60%-ზე ქვემოთ. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერა 77-დან 69%-მდე შემცირდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის საგარეო ორიენტაციის გასაგებად, რესპონდენტებს სთხოვეს, აერჩიათ ორიდან რომელ მოსაზრებას უფრო ეთანხმებოდნენ: „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით)“ და „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“. შედეგი კი ასეთი იყო:

„უმრავლესობა (54%) ამბობს, რომ საქართველოსთვის სასარგებლოა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ოპოზიციის მხარდამჭერები, ახალგაზრდები (18-34 წლის), დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავენ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები“, - აღნიშნულია გამოკითხვის შედეგებში.

ამასთან, აღსანიშნია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა (73%) ეთანხმება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ მოსაზრებას სხვებზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები, ახალგაზრდები, დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა და საშუალო განათლებაზე უფრო მაღალი განათლების მქონე ადამიანები ეთანხმებიან.

გამოკითხვის ავტორების ამბობენ, რომ მოსახლეობის იგივე ჯგუფები (ახალგაზრდების გარდა) და ქალები, უფრო მეტად ეთანხმებიან იმას, რომ ნატოს წევრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება. თუმცა ამ განცხადებაზე თანხმობის საერთო დონე უფრო დაბალია (48%), ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეკითხვაში მივიღეს (73%).

ამასთან, გამოკითხვით გაირკვა, რომ მოსახლეობას შედარებით ნაკლებად აქვს უარყოფითი შედეგების მოლოდინი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.

„მხოლოდ 22% ეთანხმება, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ის ეროვნულ იდენტობას დაკარგავს. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ოპოზიციასთან და პარტიებისადმი მიუმხრობლებთან შედარებით, ხოლო საშუალო და პროფესიული განათლების მქონე ადამიანები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებთან შედარებით, უფრო მეტად ეთანხმებიან ამ მოსაზრებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანების თანმდევ ჰიპოთეტურ უარყოფით შედეგებთან დაკავშირებული კიდევ ერთი განცხადება რუსეთის აგრესიის გაზრდილ რისკს აღწერს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება. რესპონდენტთა უმრავლესობა (71%) ეთანხმება, რომ ასეთი საფრთხე არსებობს.

ცნობისთვის, მოსახლეობის რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვა 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. ჯამში გამოიკითხა 1,523 ზრდასრული (18 წლის და უფროსი) საქართველოს მოქალაქე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები