„გერმანიაში ლეგალურად დასაქმებაზე ამხელა მოთხოვნა მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა ისტერიულად ეძებს შემოსავლის წყაროებს, თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, არაფერი ცუდი არაა იმაში, რომ თუნდაც ახალგაზრდები 3 თვით წავიდნენ, გამოცდილება და ფინანსური სარგებელი მიიღონ“ - ამის შესახებ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა და მრჩეველმა ნატალია ბახტაძემ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში აღნიშნა.
საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 3 თვით გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას ითვალისწინებს. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ დღე-ნახევარში, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან კი სააპლიკაციო ფორმა - „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო. 16 თებერვლის მონაცემებით კი, გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმება საქართველოს 90 000-ზე მეტ მოქალაქეს სურს.
გადაცემაში საუბრისას, ნატალია ბახტაძემ განმარტა, რომ დამოკიდებულება, რომ პროგრამით სამუშაოდ წასული ადამიანები გერმანიაში დარჩებიან, დილეტანტურია.
„არ მგონია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში წასული ადამიანები, ასე მარტივად დარჩნენ გერმანიაში, სადაც პანდემიიდან გამომდინარე აღრიცხულია, ვინ შედის და გამოდის. ეს უტოპია მგონია, გერმანიის შესაძლებლობების ცოდნიდან გამომდინარე. წავლენ და ჩამოვლენ, რა პრობლემაა?!“ - აღნიშნავს ნატალია ბახტაძე.