მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით ვერ ამართლებს მის მიმართ არსებულ მოლოდინებს - გერმანიის ევროპის მინისტრი

6494250f7c728
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.23 14:43
582
ევროპული საბჭოს მინისტერიალის სხდომაზე ევროკომისია დღეს სამი ქვეყნის - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე წარადგენს ზეპირ ანგარიშს. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანიის ევროპისა და კლიმატის მინისტრმა ანნა ლურმანმა. მისი განმარტებით, გერმანია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს მომავალს ევროკავშირში, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ რეფორმების შესრულების ტემპი ჩამორჩება იმ მოლოდინს, რაც მის მიმართ არსებობს.

“საქართველოს ადგილი ცხადად ევროპულ ოჯახშია. მე შევხვდი ძალიან ბევრ ქართველს, რომელიც მოწოდებულია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი. სამწუხაროდ, რაც გვსმენია კომისიისგან არის ის, რომ ჯერჯერობით საქართველოს მთავრობა ვერ ამართლებს ამ მხრივ მის მიმართ არსებულ მოლოდინებს. რეფორმების ტემპიც არ არის იქ, სადაც ის უნდა იყოს და ისიც საკმაოდ ნათელია, რომ საქართველოს მოქალაქეები მთავრობისგან მოითხოვენ უფრო მეტს, რათა შესრულებული იყოს პრიორიტეტული რეფორმები. ამასთან, ეს არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ თავად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ქვეყანას უფრო თავისუფალს გახდის.

რაც აქამდე გვსმენია კომისიისგან და რის შესახებაც დღეს უფრო მეტ დეტალს გავიგებთ, არის ის, რომ კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით რჩება არაერთი საკითხი. ასევე საუბარი იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას. გერმანიისთვის ძალიან ნათელია, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ და მხარს ვუჭერთ ამ გზას,”- განაცხადა ანა ლურმანმა.

როგორც ცნობილია ევროპული საბჭოს მინისტერიალის შემდეგ, 17:00-ზე პრესკონფერენცია არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები