მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ $200 მილიონის ენერგოპროექტები მოიწონა

627a298af16c2
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.22 13:07
2835
მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით, დღეს რამდენიმე პროექტი დაამტკიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ-ია.

აღსანიშნია, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ტრადიციული განცხადებები არ გაუკეთებია. სხდომის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან ენერგოპროექტების შესახებ კომენტარი მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიზნით ჯამურად 150 მგვტ სიმძლავრის ქარის, ჰიდროს და მზის რამდენიმე პროექტი იქნა მოწონებული.

მისივე ინფორმაციით, ამ პროექტებიდან ქარის - 110 მგვტ-ის სიმძლავრის, მზის - 20 მგვტ-ის, ხოლო დანარჩენი ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრის პროექტს შეეხებოდა.

„ეს პროექტები რამდენიმე ლოკაციაზე - კერძოდ გორში, ქსანში და ასპინძაში განხორციელდება და მათი საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი იქნება. ეს იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიცია. აღნიშნული სიმძლავრეები ჩვენს ენერგოსისტემას შეემატება, რაც მეზობელ ქვეყნებზე ჩვენს დამოკიდებულებას შეამცირებს და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ იმერეთში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ დიდი ენერგო პროექტები, კერძოდ კი, ჰესები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს და სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს, მცირე ენერგოპროექტების შემთხვევაში კი ირაკლი ღარიბაშვილმა კერძო ინვესტორების ჩართულობა დაუშვა. 30 აპრილს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ პოზიციას იზიარებდა და რამდენიმე კვირაში საზოგადოებას შესაბამის სტრატეგიასაც წარუდგენდნენ. ამ დრომდე სტრატეგიის პრეზენტაცია არ ყოფილა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები