მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-თან კონტრაქტი განაახლა

5e368633bb358
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.20 11:49
3558
საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-თან არსებული ხელშეკრულება გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზეა  გამოქვეყნებული. 

კომპანიის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის ვებგვერდზე (FARA) მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ქირაობს მას, რათა მიიღოს დახმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის. 

"რეგისტრანტი იმუშავებს, რათა გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გზით, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას აშშ-ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან იმგვარი კომუნიკაციის დამყარებაში, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერას ზრდის. რეგისტრანტი ამასთანავე იმუშავებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში უფრო მეტი FDI-ის მოზიდვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეგისტრანტი ამერიკულ და გლობალურ მედიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ,"- ნათქვამია ხელშეკრულებაში. 

ხელშეკრულება 2020 წლის 27 იანვარს არის გაფორმებული და ის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას წარმოადგენს. თავდაპირველი ხელშეკრულებით Chartwell Strategy Group-ის სერვისის ყოველთვიური საფასური $65,000 დოლარი იყო. 

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა და სენატორმა ჯინ შაჰნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გაუგზავნეს. 

გაგზავნილი მიმართვიდან ირკვევა, რომ სენატორები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გააქტიურებას, დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებასა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვას კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროცესები საქართველოს დემოკრატიის დასუსტებასთან ერთად, წყალს ასხამს რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე. 

"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ,"- ნათქვამია სენატორების წერილში. 

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორაცია, რომლის მიხედვით, მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, გაზაფხულზე აშშ-ში გიორგი გახარიას ვიზიტი იგეგმება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები