მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობის მტკიცებით, Meridian-მა არ განმარტა, რატომ თქვა უარი პროექტში მონაწილეობაზე

5db80dcfab7c1
თელარა გელანტია
29.10.19 14:00
1112
„კომპანიის მოწონება ან დაწუნება სამართლებრივი პროცესია, რომელიც დასრულებული არ იყო. აქედან გამომდინარე, კომპანია Meridian-მა ჩვენ გვთხოვა ყველა სამართლებრივი პროცედურის შეჩერება, თუმცა, სამწუხაროდ, მიზეზი ახსნილი არ იყო”, - ასეთი განმარტება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

საქმე იმაშია, რომ როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Meridian-მა თავად თქვა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორობის შესაძლებლობა არ აქვს, რის გამოც საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება ითხოვა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორმაც მოგვიანებით იგივე გაიმეორა და დასძინა, რომ ინვესტორ კომპანიას მიზეზები არ განუმარტავს.

„მიმდინარეობდა პროცედურები კომპანიის შესწავლასთან დაკავშირებით, თუმცა გუშინ შემოვიდა წერილი, რომლის თანახმად, კომპანიამ უარი თქვა, ამ ეტაპზე თავს იკავებს პროექტში მონაწილეობაზე. მიზეზები განმარტებული არ იყოს. აბსოლუტურად არანაირი მიზეზი არ ჰქონდა მოცემული თავის წერილში“, - აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე - ხომ არ უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას ინვესტორის მიმართ, ჯავახაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო სწორედ შეთანხმების პროცედურები. კომპანიის მოწონება ან დაწუნება სამართლებრივი პროცესია, რომელიც დასრულებული არ იყო. აქედან გამომდინარე, „მერიდიანმა“ გვთხოვა, ყველა სამართლებრივი პროცედურის შეჩერება, თუმცა სამწუხაროდ, მიზეზი ახსნილი არ იყო.

ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინვესტორს (ანაკლიის განვითარების კონსორციუმს) აქვს გარკვეული ალტერნატიული ვარიანტები და ჩვენ მზად ვართ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა მათთან და დავეხმაროთ“, - განაცხადა დავით ჯავახაძემ.

მისივე თქმით, ალტერნატიულ ინვესტორებზე სააგენტოს აქვს გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ არ აქვს უფლება მათზე ისაუბროს.

„თავად ინვესტორს, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ჯავახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები