მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს “რეგიონულ ფინანსურ ჰაბად” გადაქცევის სტრატეგიის მომზადება ბიუჯეტს 1,8 მლნ ლარი უჯდება

624c10dfe5b06
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.22 19:30
1466
2021 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ აქტივების მმართველ კომპანია Rothschild & Co-სთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური რეფორმების მომზადებას მოიცავდა.

როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ რეფორმების შედეგად საქართველო “რეგიონულ ფინანსურ ჰაბად” უნდა ჩამოყალიბდეს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიასთან კონტრაქტი ქვეყნის ბიუჯეტს 1,857,225 ლარი უჯდება.

“უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით გამოიყოს 1,857,225 ლარი,”- ნაქვამია დოკუმენტში, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯებს ასახავს.

რა რეფორმა უნდა მომზადდეს?

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ისინი ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავენ. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი.

მთავრობის განცხადებით, ამ ზონებისთვის ორი ლოკაცია უკვე შეარჩიეს. კერძოდ კი “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება.

ანუ Rothschild & Co მუშაობს რეფორმის პროექტზე, რომელიც თემქის მიდამოების და გონიოს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად განვითარებას გულისხმობს და ამაში საქართველოს მთავრობა თითქმის 2 მილიონ ლარს იხდის.

“სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ამ ზონებში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ნახევარზე მეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამ ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი მნიშვნელობის საერთაშორისო კომპანიები, ისეთები როგორიცაა Rothschild-ის კომპანია.

ეს ცენტრები ორიენტირებული იქნება ფინტექებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, ტრეიდინგით დაკავებულ კომპანიებზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენი ვარაუდია, რომ ეს შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას,"- იანვარში განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები