მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზამ $500-მილიონიანი ევრობონდები 4%-ში განათავსა

60cb2626462e3
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.21 15:03
974
საქართველოს რკინიგზამ ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები 4%-ში განათავსა - ამის შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. 

რკინიგზის მიერ აღებული ახალი ვალი ორგანიზაციის მიერ 2012 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვისაა განკუთვნილი. 10 წლის წინ გამოშვებული ბონდების განაკვეთი 7.5% იყო, შესაბამისად, ახალი ვალის განაკვეთი თითქმის ორჯერ დაბალია. ამასთან, ახალი ევრობონდის დაფარვის ვადა 7 წელს შეადგენს. ამ პირობების თანახმად, კომპანიამ კუპონის სახით წელიწადში $20 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს, რაც წინა ობლიგაციის დროს წლიურად გადახდილ თანხასთან შედარებით $18 მილიონით ნაკლებია. 

"საქართველოს რკინიგზას" ახალი ევრობონდების გამოშვებაში TBC Capital და Renaissance Capital-ი, ასევე Galt & Taggart-ი დაეხმარნენ.

ობლიგაციების გამოშვებამდე "საქართველოს რკინიგზას" საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა მიანიჭა. ორგანიზაციის შეფასებით, რკინიგზის რეიტინგი ამჟამად "BB მინუსს" შეადგენს. 

რაც შეეხება თავად რკინიგზის ფინანსურ მდგომარეობას - კომპანია ბოლო რამდენიმე წელია სოლიდურ ზარალზეა. ზარალიანი იყო 2021 წლის პირველი კვარტალიც, როდესაც კომპანიამ 54 მილიონი ლარით იზარალა. 2020 წელს კი კომპანიის ზარალი 164 მილიონი იყო.

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 489.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.3%-ით ნაკლები იყო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის ზარალმა 164.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2019 წელს კი ზარალი 5.6 მილიონი ლარი იყო.

წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მასშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ - 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები