მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და OMV Petrom-ს შორის შავ ზღვაში ნავთობის მოპოვების ხელშეკრულება გაფორმდა

6048ac2574097
ინგა მურუსიძე
10.03.21 15:30
1051
საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს რუმინული კომპანია OMV Petrom-ი განახორციელებს, რომელიც ავსტრიული ენერგოკომპანია OMV ჯგუფის წევრია. კომპანიასთან შესაბამის კონტრაქტს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი. ამით საქართველო შეუერთდა შავი ზღვის აუზის იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი პროექტის წარმატებით განხორციელებას მხარს უჭერს. 

კონტრაქტის პირობები და ვადები:

კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom S.A - ის კომპანიის ბიზნესის განვითარებისა და კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუქუე-რამირესმა და ამავე კომპანიის ბიზნესის შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნჰარდ კრაინერმა. ხელმოწერას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო.

გასული წლის ივნისში OMV Petrom-მა BMG-ის წერილობით უპასუხა, რომ საქართველოს სანაპიროსთან ენერგორესურსების ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყება შავ ზღვაში მათი ოპერაციების გაფართოების სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.

“OMV Petrom ადასტურებს, რომ შავ ზღვაში საქმიანობის გაფართოების მიზნით, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ღია საერთაშორისო ტენდერში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შავ ზღვაში მდებარე სალიცენზიო ბლოკების ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის გამოცხადდა,”- ნათქვამია OMV Petrom-ის მიერ BMG-ისთვის გაგზავნილ წერილში.

საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოში მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის სალიცენზიო ბლოკი არსებული მონაცემებით, ნავთობზე მეტად, ბუნებრივი აირის მარაგებით უფრო მიმზიდველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები