მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 1,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი რეაბილიტაციას საჭიროებს - WHO

6391d387a5b0e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.22 10:00
755
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში ჯანმრთელობის კუთხით რეაბილიტაციას საჭიროებს.

WHO-ს ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის სწრაფად დაბერება, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და რეაბილიტაციის სარგებლის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა აღნიშნული დასკვნის მთავარ მიზეზთა შორისაა.

ანგარიშის მიხედვით ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც ამ საჭიროების წინაშე დგანან, რეაბილიტაციაზე წვდომა არ აქვთ. „რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობის ძირითადი ბარიერებია ინფორმირებულობის სიმცირე იმის შესახებ, თუ რა არის რეაბილიტაცია, როგორ მუშაობს ის და რა არის მისი სარგებელი, ასევე მცდარი წარმოდგენები მისი ხელმისაწვდომობის შესახებ“, - აღნიშნულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლეს ანგარიშში.

მისი ავტორების მტკიცებით, რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობას პროფესიონალების დეფიციტი აფერხებს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 12-ჯერ ნაკლები ფიზიოთერაპევტი, 141-ჯერ ნაკლები ოკუპაციური თერაპევტი და ექვსჯერ ნაკლები პროთეზირებისა და ორთოტიკის პროფესიონალები არიან, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში.

აღსანიშნია, რომ ანგარიშში ჯანრთელობის იმ მდგომარეობებზეცაა საუბარი, რომელიც რეაბილიტაციის საჭიროებას იწვევენ, ესენია: წელის ტკივილი, მოტეხილობები, სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ასევე ინსულტი და დემენცია, რადგან ისინი ადამიანების ცხოვრებასა და მათ შრომის უნარზე გავლენას ახდენენ. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ გამოწვევიდან გამომდინარე ეკონომიკური პროდუქტიულობის ნაკლებობის, მზარდი სიღარიბისა და უმუშევრობის გამო ქვეყნებს მილიონობით დოლარის ხარჯები ემუქრებათ.

„რეაბილიტაცია ჯანდაცვის საბაზისო სერვისია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც იგი სჭირდება და ჯანდაცვის ყველა დონეზე. თუ საჭირო ზომები არ იქნა მიღებული, ქვეყნები რისკავენ ადამიანთა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პროდუქტიულობის შემცირებას, რადგან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია საზოგადოებაში სრულფასოვანი წვლილი შეიტანოს“, - ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე.

WHO-ს განმარტებით, რეაბილიტაციის მიზანი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირის მხარდაჭერა, რათა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს მისი ფუნქციონირება. ფუნქციონირების სირთულეები წარმოიქმნება ისეთი დარღვევების გამო, როგორიცაა ტკივილი ან კუნთების სისუსტე, თავის მოვლისა ან სიარულის სირთულე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რეაბილიტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკულ დაავადებათა უმეტესობა იმართება, ასევე სახლზე და სკოლებში.

„ევროპასა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში, სარეაბილიტაციო სერვისები ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მხოლოდ მეორე და მესამე დონის დაწესებულებებში და ძირითადად ურბანულ ზონებში, სოფლად კი რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობაა. ჯანდაცვის სისტემათა უმეტესობაში რეაბილიტაცია არ არის სრულად და ეფექტურად ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ეს უნდა შეიცვალოს”, - ამბობს ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების დირექტორი ნატაშა აზოპარდი მუსკატი.

განვლილი პროგრესის მიუხედავად, გაცილებით მეტია საჭირო იმისათვის, რათა რეაბილიტაცია გახდეს უფრო ხელმისაწვდომი.

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რეაბილიტაცია ხარჯთეფექტურია და ხელს უწყობს ჯანმრთელობის ინტერვენციების საუკეთესო შედეგების მიღწევას და შენარჩუნებას. რაც მთავარია, რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას.
ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისში განმარტავენ, რომ რეაბილიტაციის საჭიროებაზე ყურადღება პოსტ-კოვიდურმა მდგომარეობამ გაამახვილა. ქვეყნები აღიარებენ მდგომარეობის სერიოზულობას და თუ რამდენად დიდი როლი აკისრია რეაბილიტაციას ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერაში.

კვლევებმა აჩვენა, რომ რეაბილიტაციას პოტენციალი აქვს თავიდან აიცილოს ძვირად ღირებული ჰოსპიტალიზაცია, შეამციროს საავადმყოფოში გატარებული დრო, ხელახალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების რისკი. ფუნქციებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარის გაუმჯობესებით, რეაბილიტაცია ამცირებს მუდმივი მოვლის ხარჯებს და ეხმარება ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ განათლებასა და მუშაობაში“, - ნათქვამია ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები