საქართველოში 27 ათასი ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიაწოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის განცხადებით, ამით საქართველოს მოსახლეობა, არამხოლოდ ხარისხიანი ხორბლისგან ნაწარმოებ პურს მიიღებს, არამედ მონეტიზების შედეგად ამოღებული თანხები მთლიანად მეცხოველეობის განვითარებისკენ იქნება მიმართული.
„მომავალი წლის დასაწყისში კიდევ შემოვა 27 ათასი ტონა ხორბალი, რომელიც მიეწოდა ღია, გამჭვირვალე საფასო პოლიტიკის მეშვეობით საქართველოს წისქვილკომბინატებს“, - აცხადებს ხანიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკული ხორბლის შემოტანა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში განხორციელდა და ის სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო.
ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია Land O'Lakes ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.