მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 600 000 ტონა სურსათი ნაგავსაყრელზე გადაიყარა - რას შეცვლის ახალი კანონი?

646103c4e60a3
ლიკა მეგუთნიშვილი
14.05.23 19:49
1044
პარლამენტში საკომიტეტო განხილვებს უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი გადის, რომელიც სურსათის ნარჩენებს, მის დანაკარგებსა და შეწირულობას შეეხება. კანონპროექტით, ბიზნესებს საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მიეცემათ, რაც შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით იქნება წახალისებული. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.

თუ სურსათს ეტიკეტზე მითითებული ვადა გასდის, მოქმედი კანონი მისი მოხმარებისთვის გამოყენებას კრძალავს და ბიზნესს მისი ჩამოწერის ვალდებულება აქვს, წარმოდგენილი ცვლილებებით კი ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დაბალი რისკის პროდუქციის მოხმარება, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაშვებული გახდება. ეს კი მისცემს ბიზნეს სექტორს იმის საშუალებას, რომ აღნიშნული პროდუქტი არ გაანადგუროს და გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სურსათის ბანკებს. სურსათის ბანკის ცნება ახალია კანონმდებლობაში, ამ სტატუსის მიღება არსებულ ან ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში და ამავდროულად დააკმაყოფილებენ ჰასპთან გათანაბრებულ სტანდარტებს.

როგორც „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯუბა მარუაშვილმა, გადაცემა „საქმიანი დილა“-ში სტუმრობისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ის საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც სურსათის შეწირულობის მიმართულებით გააგრძელებენ საქმიანობას, რეგისტრირებულები იყვნენ როგორც სურსათის ბიზნეს-ოპერატორები და მათი კონტროლი განხორციელდეს.

„მას შემდეგ, რაც საცალო მოვაჭრე შეწირულობის მიზნით პროდუქტს საქველმოქმედო ორგანიზაციას ან სურსათის ბანკს გადასცემს, სრული პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებსა და სტანდარტებზე სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და სურსათის ბანკს ეკისრებათ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ცალკე კატეგორიის მიხედვით დარეგისტრირდნენ, რადგან, მაგალითად სურსათის ეროვნულ სააგენტოს მათი იდენტიფიცირებისა და ინსპექტირების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს. როდესაც ჩვენ სასურსათო პროდუქტზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია დღის წესრიგში სურსათის უვნებლობა, ადამიანის ჯანმრთელობა და რისკები დგება და ინსპექტირების პროცესის გარდაუვალობასაც სწორედ ეს განაპირობებს“, - აცხადებს ჯუბა მარუაშვილი.

როგორც მარუაშვილი განმარტავს, დღეს ქვეყანაში სურსათი ჭარბი რაოდენობით გროვდება, რომელიც შემდგომ ნადგურდება, ამიტომ ისეთი კანონის მიღება, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს, უმნიშვნელოვანესია.

„2021 წლის მონაცემებით საქართველოში 600 000 ტონა სურსათი გადაიყარა და განადგურდა. ეს იმ ფონზე, როდესაც შეწირულობის საჭიროება ძალიან დიდია. ქვეყანაში უამრავი ბენეფიციარია, რომლებიც უვნებელი, ჭარბი სურსათის მიღებას საჭიროებს და შესაბამისად, მათი გადაყრა წარმოუდგენელია. ეს კანონი კი კერძო სექტორს წაახალისებს, რომ მათ ჭარბი სურსათი სურსათის ბანკებსა და სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ თან ისე, რომ დღგ-ს გადახდისაგან გათავისუფლებულები იყვნენ”, - განაცხადა „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა.

„FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსმა მრჩეველი ასევე აღნიშნავს, რომ შეწირულობის იერარქიის სისტემაში სურსათ დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის მქონე კატეგორიებად იყოფა. პროექტის ფარგლებში კი სწორედ დაბალი რისკის მქონე სურსათის შეწირულობა განიხილება.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ აქ საუბარი არ არის ისეთი ტიპის პროდუქტზე, რომელიც უვნებელი აღარ არის და ვადის გასვლის შემდეგ ჩამოწერას ექვემდებარება. არსებობს ორი ვადა. მაგალითად, თუ პირობითად პროდუქტს აწერია, რომ უმჯობესია 11 მაისამდე იყოს გამოყენებული და ვარგისია 20 მაისამდე. პირველი ვადის გასვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროდუქტს საუკეთესო გარეგნული ან გემოვნური თვისება აღარ ჰქონდეს, პროდუქტი არის უვნებელი, და შეწირულობაში ჩაშვებით მისი გადაყრისგან გადარჩენა შესაძლებელია“, - განმარტავს მარუაშვილი.

ცნობისთვის: კანონი სრულად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. აღნიშნული კანონის მიღების გარდა, ცვლილებები შევა “ნარჩენების მართვის კოდექსში”, „საქართველოს საგადასახადო კოდექსსა“ და „სურსათის, ასევე ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები