მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ბევრი თამაში არ იქმნება, რადგან კადრების დეფიციტია“ – FrozenFang

6451239f9d42e
სალომე ხიდურელი
06.05.23 20:47
805
„საქართველოში გეიმინგ ინდუსტრიას ისე უყურებენ, როგორც ჰობის“, - საქართველოში ვიდეო თამაშების ინდუსტრიის პერსპექტივებსა და განვითარებაზე BM.GE-სთან სტუდია FrozenFang-ის თანადამფუძნებელმა და მობილური თამაშის, Base2-ის, ერთ-ერთმა შემქმნელმა, ზაალ ჯანიკაშვილმა ისაუბრა.

„რამდენიმე სტუდია ვართ, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებისთვის ვმუშაობთ, თუმცა ზოგი მათგანი არც კი ჩანს სადმე. გვინდა, შევქმნათ თამაშის დეველოპერთა გაერთიანება, რითაც საზოგადოებას მივაწვდით ცნობას, რომ აქ, ამ სფეროში ხალხი მუშაობს, რაღაცებს ვაკეთებთ, რომ ფული იშოვება ამ სფეროში.

საქართველოში ბევრი დეველოპერი არ არის. ბევრი თამაში არ იქმნება, რადგან კადრების დეფიციტია სასწაული. როცა კადრი გჭირდება, ჯერ უნდა აიყვანო ვინმე, ვისაც მინიმალური საბაზისო ცოდნა აქვს, და უნდა ასწავლო, რაც დროში ძალიან გაწელილი პროცესია. რამდენიმე სტუდია ვიცი, რომლებიც Outsource-ზე დიდ პროექტებს ვერ იღებენ, რადგან კადრები არ ჰყავთ“, - აღნიშნავს ზაალ ჯანიკაშვილი.

მისი განმარტებით, საქართველო რამდენიმე წლით ჩამორჩება ქვეყნებს, რომლებსაც ვიდეო თამაშების ბაზარი უკვე განვითარებული აქვთ, თუმცა ქვეყნის რესურსი, ამ ნიშნულამდე მისაღწევად, საკმაოდ მაღალია.

„როცა ასოციაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რამდენიმე სტუდია შევიკრიბეთ და უცხოეთის მაგალითებს დავაკვირდით. აღმოვაჩინეთ, რომ, იქ ვართ, სადაც უკრაინა 5 წლის წინ იყო, მაშინ, როცა ამ ქვეყანას უკვე ძალიან დიდი გეიმინგ ბაზარი აქვს. რეალურად, განვითარების რესურსი უდავოდ გვაქვს, უბრალოდ ხალხის სწორი ინფორმირებაა საჭირო. მშობლებმა შვილებს ამ სფეროთი დაინტერესება არ უნდა დაუშალონ“, - აღნიშნავს ჯანიკაშვილი.

Base2-ის ერთ-ერთი შემქმნელის განმარტებით, ინდუსტრიის განვითარება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს.

„საქართველოში ამ ინდუსტრიისთვის უცხოური ინვესტიციები შემომდისო, ჯერ ვერ ვიტყოდი, მაგრამ ძალიან მომგებიანი ინდუსტრიაა. უბრალოდ ამისთვისაც ხალხის მასაა საჭირო. ქვეყანაში რომ სულ 30 დეველოპერია, და ისინიც ყველა რაღაც სტუდიებსა და კომპანიებში არიან გადანაწილებული, ამის გამო ინვესტორი საქართველოში დიდი პროექტით ვერ შემოვა. მაგრამ, თუ გაიზრდება ინდუსტრია, ქვეყანაში ბევრი ფულის მოზიდვა შეუძლია“, - ამბობს ზაალ ჯანიკაშვილი.

Base2 სტუდია FrozenFang-ის შექმნილი მობილური ფაზლ-თამაშია, რომელიც მოთამაშეებს პროგრამირების საწყისებს შეასწავლის. თამაშის გადმოწერა Android და IOS სისტემებზე სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები