მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში „ჭკვიანი ყუთების“ პარკი ეწყობა - eximcrop-ის $1 მლნ-იანი პროექტი

6442a0208ba64
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.23 18:48
2173
მსოფლიოში მოქმედი აგრო-სასურსათო ვაჭრობის ონლაინ პლატფორმა eximcrop საქართველოში რიტეილ და დისტრიბუციის სექტორში „ჭკვიანი ყუთების“ გამოყენების პრაქტიკის დანერგვას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი ვახტანგ გოგალაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

„eximcrop-ი საქართველოში კიდევ ერთ სიახლეს ნერგავს - ციფრული ყუთების სისტემას სურსათის ვაჭრობაში რიტეილში და დისტრიბუციაში. პირველი ხილის იმპორტი აღნიშნული "ჭკვიანი" ყუთებით გზაშია და საქართველოში მალე შემოვა.

"ჭკვიანი" ყუთების სერვისი საშუალებას იძლება ზუსტად მოხდეს დათვლა სად, რა, და რამდენი პროდუქცია არის საწყობიდან მაღაზიებში, რესტორნებში და სხვა საცალო გაყიდვების ცენტრებში გადანაწილებული. ამის დათვლას სპეციალური აკუსტიკური სკანერები ყუთში ჩამონტაჟებული ჩიპის მეშვეობით ახდენენ. მაგალითად, პროდუქტების მიხედვით შესაძლებელია წამში 3 000 ყუთის დათვლა და აღრიცხვა.

ასე, რომ ჩვენი ყუთების გამოყენება ზრდის ფრეშ პროდუქციის ბრუნვის სისწრაფეს, ხარისხს და ნულამდე დაჰყავს დანაკარგი. და რაც მთავარია, ამ ყუთების შეძენა არ არის აუცილებელი, ჩვენ შეგიქმნით და გაგიმართავთ ყუთების პარკს და გადმოგცემთ გრძელვადიანი იჯარით“, - წერს ვახტანგ გოგალაძე.

ქვეყანაში ახალი პროდუქტის შემოტანისა და მისი გამოყენების დანერგვის დეტალების გასარკვევად BM.GE-მ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ვახტანგ გოგალაძეს მიმართა. მისი ინფორმაციით, eximcrop-ი 1 მლნ დოლარის ინვესტიციით 2024 წლის ბოლომდე გორთან ახლოს „ჭკვიანი ყუთების“ პარკის მოწყობის პროექტს დაასრულებს, რაც ყუთების შეძენასთან ერთად, მათ ტექნიკურ მომსახურებას და პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს.

„საპილოტე ვერსიის პროექტისთვის 0.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. თუმცა 2024 წლის ბოლომდე ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ დოლარამდე გაიზრდება. ეს მოიცავს როგორც ყუთების გარკვეულ რაოდენობას, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას და მომსახურებას, კამერებს, რეცხვას და ა.შ. ჩვენი მიზანია მომდევნო 2 წლის განმავლობაში 2 მლნ ყუთზე ასვლაა. საპილოტე ეტაპზე წლის ბოლომდე ყუთების რაოდენობა 100 000 ცალს მიაღწევს“, - ამბობს ვახტანგ გოგალაძე.

ციფრული, ჭკვიანი ყუთებით შესაძლებელია რძის, ხორც და აგრო სასურსათო პროდუქტის ტრანსპორტირება და მათი რაოდენობების მართვა. Eximcrop-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დღეს ქართულ რიტეილ სექტორში ფრეშ პროდუქციის კატეგორიაში ძალიან მაღალი დანაკარგები ფიქსირდება. მიზეზი ერთჯერადი ყუთებით საქონლის გადატანა და რეალიზაციის პროცესში არსებული ნაკლოვანებებია. ციფრული ყუთებით კი ეს დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდება და მარაგების კონტროლი მარტივად მოხდება.

„რიტეილში ფრეშ პროდუქტის კატეგორია ძალიან სუსტია. მთლიანად ფრეშ კატეგორია რიტეილ სექტორის ალბათ 5-7%-ს მოიცავს, მაშინ როდესაც 15% და მეტი უნდა იყოს. ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრია. ამის განვითარებას ხელს მიწოდების ჯაჭვის არაეფექტური კონტროლი და ხარისხობრივი ჩავარდნები უშლის. მხოლოდ ხელით გადარჩევის დროს ქსელურ მარკეტებში ფრეშ პროდუქტების დანაკარგები დიდია და 3-5%-მდე მერყეობს. მაგალითისთვის კონკრეტული სუპერმარკეტის ბრუნვა თუ წელიწადში 100 მლნ-ია, აქედან 3 მლნ ლარი გადაყრილი პროდუქტის ღირებულებაა. ამას ერთვის კიდევ სხვა ნიუანსებიც, რამაც დანაკარგების მოცულობა შეიძლება 10%-მდე გაზარდოს.

ციფრული ყუთების გამოყენება ამ დანაკარგებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან ეს არის მყარი, მრავალჯერადი გამოყენების ყუთები, რომლითაც პროდუქტის ტრანსპორტირების კონტროლს ფერმერიდან, დისტრიბუციის გავლით მაღაზიამდე ხდის შესაძლებელს. ამასთან, ეს არის მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი, რადგან ყუთები მრავალჯერადი გამოყენების არის“, - განმარტავს ვახტანგ გოგალაძე.

მისი ინფორმაციით, ყუთებს პირველ რიგში თავად კომპანია გამოიყენებს. გარდა ამისა, Eximcrop მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს.

„ბიზნესოპერატორებს ჭკვიანის ყუთების გამოყენებით საქონლის ტრანსპორტირებისას ყუთებზე გაწეული ხარჯი 3-ჯერ შეუმცირდებათ. სერვისს ქსელურ მარკეტებსა თუ სადისტრიბუციო კომპანიებს თვიური გადასახადის სანაცვლოდ შევთავაზებთ. ამასთან, ციფრული ყუთების გამოყენებით პროდუქტის თვითღირებულებიდან ტარის დანახარჯის ამოღება მოხდება, რადგან როდესაც ფერმერი მარკეტს პროდუქტს აწოდებს, მის ღირებულებაში ყუთების ფასსაც ითვალისწინებს, ჩვენი ყუთების გამოყენების შემთხვევაში კი მარკეტი თავად გაგზავნის ყუთებს პროდუქტის წამოსაღებად და შემდგომ ტრანსპორტირებასაც ამ ყუთებით მოახდენს, რაც პროდუქტის თვითღირებულებას შეამცირებს“, - აღნიშნავს ვახტანგ გოგალაძე.

ცნობისთვის: კომპანია Eximcrop 2020 წელს ქართველი და უკრაინელი პარტნიორების თანამშრომლობით დაფუძნდა და აშშ-ს, ესტონეთსა და დუბაის ბაზრებს ოპერირებს. გლობალურ ბაზარზე აგრო-სასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ონლაინ პლატფორმის მიზანი ვაჭრობის სფეროში ერთიანი ეკოსისტემის შექმნაა. კომპანია USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში 2022 წელს, ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით შემოვიდა. დამფუძნებლებს სჯერათ, რომ საქართველოს კარგი მდებარეობა ქვეყანას, ვაჭრობაში გრავიტაციული წერილის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები